მზია ამაღლობელის უფლებადამცველები ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას, წარმოებაში კვლავ არ მიეღო ადვოკატების სარჩელი, ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.
განცხადებაში, რომელსაც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს, წერია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის გადაწყვეტილება მორიგი უკანონო, რეპრესიული და ყოველგვარ სამართლებრივ სტანდარტს აცდენილი სამართლებრივი აქტია.
ჟურნალისტის უფლებადამცველების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ მზია ამაღლობელს მის მიმართ შერჩეული უკანონო პატიმრობის რევიზიის უფლება არ მისცა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის ადვოკატების საჩივარი უკვე მეორედ არ მიიღო. ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14 თებერვლის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ – მაშინ მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გადაწყვიტა, უფლებადამცველების შუამდგომლობა ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ დაუშვებლად ეცნო და მიუხედავად საქმეში არსებული ახალი გარემოებებისა, მოშიმშილე ჟურნალისტი პატიმრობაში დაეტოვებინა.
მზია ამაღლობელის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ „დაცვის მხარის მიერ საჩივარში მითითებული ახალი არსებითი გარემოებები სრულიად აბათილებს ბრალდების მხარისა და სასამართლოს მიერ განვითარებულ ჰიპოთეტურ დასაბუთებას იმის შესახებ, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან არსებობს მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რაიმე საფრთხე.“ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება სასამართლომ სწორედ მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს დააფუძნა.
„საჩივარში მითითებული გარემოებები და წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს აკისრებდა ვალდებულებას, პირველ რიგში, დასაშვებად ეცნო საჩივარი, შემდგომ კი, მიეღო გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით.
მზია ამაღლობელის ადვოკატების მხრიდან სასამართლოსთვის წარდგენილ იქნა ახალი არსებითი გარემოებები, რაც გამოიხატა იმაში, რომ სასამართლოს გადაეცა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების ამსახველი ვიდეომასალა. აღნიშნულით დასტურდებოდა დაკავების უკანონობა. შუამდგომლობას ასევე, დაერთო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის მიერ გადმოცემული მასალების მიხედვით, საქმეზე მხოლოდ სამართალდამცავები არიან გამოკითხულნი. სასამართლოს ასევე, გადაეცა მზია ამაღლობელის გამოკითხვის ოქმი…
დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ვიდეო მასალა ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავეს, მას არ მიუყენებია შეურაცხყოფა არცერთი სამართალდამცავისთვის და ასკ-ის 173-ე მუხლით შედგენილი დაკავების ოქმი უკანონოა. შესაბამისად, მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებულ საფრთხეზე საუბარი ყალბ დაკავების ოქმზე დაყრდნობით ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია;
მზია ამაღლობელის გამოკითხვის ოქმი, ინციდენტის ამსახველ ვიდეოკადრებთან ერთად, ქმნის მომხდარის სრულ სურათს. აღნიშნულ კონტექსტში უნდა იქნეს განხილული ის ფაქტიც, რომ საქმეზე მხოლოდ სამართალდამცავები არიან გამოკითხულნი, რომლებზე ზემოქმედებაც შეუძლებელია მოახდინოს ბრალდებულმა. ზემოთქმული არგუმენტები არ ტოვებს თეორიულ საფუძველსაც კი მოწმეებზე ზემოქმედებისა, არათუ მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეებით სპეკულაციისთვის.
მიუხედავად ყოველივე აღნიშნულისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემაც უგულებელყო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და დაუშვებლად ცნო მზია ამაღლობელის ადვოკატების საჩივარი”, – წერია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში.