მთავარიევროპაგერმანია“ალტერნატივა გერმანიისთვის” - პარტიას სურს, გერმანია კვლავ დიდებული გახადოს

“ალტერნატივა გერმანიისთვის” – პარტიას სურს, გერმანია კვლავ დიდებული გახადოს

23 თებერვალს, გერმანიის ვადამდელ არჩევნებში ულტრა-მემარჯვენე ,,ალტერნატივა გერმანიისთვის“ – პარტიის ისტორიაში ყველაზე მაღალ შედეგს მიიღებს – ასეთი მოლოდინი აქვთ ექსპერტებს და ამას მოწმობს წინა-საარჩევნო გამოკითხვებიც, რომელთა თანახმადაც პარტიას გერმანელი ამომრჩევლის მეხუთედი უჭერს მხარს.

მიუხედავად იმისა, რომ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის ძალაუფლებაში მოსვლის შანსები კვლავ მინიმალურია, მისი გავლენის უგულებელყოფა, განსაკუთრებით საიმიგრაციო პოლიტიკის კუთხით, მემარცხენე და ცენტრისტი პოლიტიკოსებისთვის სულ უფრო რთულდება.

პარტია ბუნდესტაგში პირველად  რვა წლის წინ შევიდა, 2010-იანი წლებში გერმანიაში მიგრანტების დიდი რაოდენობის ჩასვლით გამოწვეული უკმაყოფილების ფონზე.

მიგრაციაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესება დღემდე პარტიის მთავარი საზრუნავია.

ვოლფგანგ შრიოდერი, ბერლინის სოციალური მეცნიერების ცენტრის პროფესორი აცხადებს, რომ პარტიის მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ ანტი-საიმიგრაციო პოლიტიკაა და რომ მათი მიდგომა გერმანელი ამომრჩევლისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.

,,ეს პარტია დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტ მხარდაჭერას იძენს. აღსანიშნავია, რომ ზუსტად იგივე ტემპით ხდება მისი რადიკალიზაციაც. ამ წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა ერთის მხრივ ანტისაიმიგრაციო პოლიტიკაა, რომელიც გერმანიაში ძალიან პოპულარულია – ცენტრისტებშიც კი. მეორე მხრივ, ეს არის მათი პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით“, – განმარტავს ვოლფგანგ შრიოდერი.

წლების განმავლობაში ,,ალტერნატივა გერმანიისთვის“ უფრო რადიკალური ხდებოდა, თუმცა მთავარი გარდატეხა ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ 2015 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, როდესაც ქვეყანაში მიგრანტების უპრეცედენტო რაოდენობა დაუშვა.

მომდევნო არჩევნებში ულტრა-მემარჯვენე პარტიამ ხმების 12.6% მოიპოვა და პირველად დაიკავა საკუთარი ადგილი ბუნდესტაგში.

2021 წელს ,,ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარლამენტში შემცირებული მხარდაჭერით, ხმების 10.3%-ით მოხვდა, თუმცა მას შემდეგ რაც კანცლერი ოლაფ შოლცის სამპარტიული კოალიცია შიდა უთანხმოების ფონზე ჩამოიშალა – პარტიამ ძალები ხელახლა მოიკრიბა და 2025 წლის საარჩევნო რბოლას განახლებული ნდობით და გამკაცრებული ტონით უერთდება.

46 წლის ალის ვაიდელი ულტრამემარჯვენე პარტიის პირველი კანცლერობის კანდიდატია. კამპანიის ფარგლებში, იგი ხშირად საუბრობს ,,რე-ემიგრაციაზე“ და არალეგალური მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას ითხოვს.

,,მამაკაცების მიერ მართული პარტიები სათავეში ქალებს აყენებენ. ამით ისინი ცდილობენ უარყონ და აბსურდულად შერაცხონ მოწინააღმდეგეების კრიტიკა, რომ ისინი არიან ჰიტლერის მემკვიდრე, ნაციონალ-სოციალისტური, ფაშისტური პარტიები. ისინი ამბობენ შეხედეთ, ჩვენი პარტიის ლიდერი ქალია. ეს ქალი ლესბოსურ ურთიერთობაშია, შვეიცარიაში ცხოვრობს, ნამდვილი კოსმოპოლიტია. ის ზუსტად იმის საპირისპიროა, რასაც ჩვენ გვაბრალებთ. ვაიდელი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს პარტიისთვის. მსგავსი სურათია ევროპის სხვა ულტრამემარჯვენე ძალებშიც. თუნდაც მელონის ან ლე პენის შემთხვევაში“, – ამბობს პოლიტიკის მეცნიერი, ვოლფგანგ შრიოდერი.

,,ალტერნატივა გერმანიისთვის“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაუყოვნებლივ მოხსნას უჭერს მხარს და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება. პარტიას ეროვნული ვალუტის აღდგენაც სურს და მიუხედავად იმისა რომ ევროკავშირის დატოვებას არ ემხრობა, აცხადებს, რომ ბლოკი მეტად თავისუფალ, ე.წ. ,,ევროპის ქვეყნების ასოციაციად“ უნდა იქცეს.

,,,ალტერნატივა გერმანიისთვის“ გზავნილები ბრაზით და უკმაყოფილებითაა სავსე. არ შეიძლება მათი განცხადებების უგულებელყოფა და ფიქრი, რომ ეს უბრალოდ საარჩევნო კამპანიის ნაწილია. უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ რა მოხდება ეს პარტია ხელისუფლებაში რომ იყოს“, – აცხადებს შრიოდერი.

,,ალტერნატივა გერმანიისთვის“ აღზევების პარალელურად, ულტრამემარჯვენე ჯგუფები ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც ძლიერდებიან. მის იდეურ მოკავშირეებს შორისაა ავსტრიის „თავისუფლების პარტია“ და „ეროვნული გაერთიანება“ საფრანგეთში.

მისი ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირე, ილონ მასკია. იგი აცხადებს რომ გერმანიის გადარჩენა მხოლოდ ამ პოლიტიკურ ძალას შეუძლია.

2025 წლის იანვარში, ილონ მასკი საკუთარი სოციალური მედია პლატფორმის, X-ის მეშვეობით, პარტიის ყრილობაზე დისტანციურად ჩაერთო და ალის ვაიდელთან დისკუსია გამართა.

ამავე ყრილობაზე, პარტიის ლიდერმა დადო პირობა, რომ გერმანიას კვლავ დიდებულს გახდის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend