კატეგორიები

საპროტესტო ნობათი ჭიათურიდან

საპროტესტო ნობათი ჭიათურიდან
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე ერთხელ მაინც აუცილებლად ნახავდით პურს საქართველოს დროშის გამოსახულებით, რომელსაც ზამთრის ცივ საღამოს ჯემთან ერთად არიგებენ. 

შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ ეს ნობათი ბიოფერმერს ზემო იმერეთიდან სპეციალურად პროტესტის მონაწილეებისთვის ჩამოაქვს და შეციებულ დემონსტრანტებს ცხელ ჩაისთან ერთად უსასყიდლოდ უნაწილებს.

ევრონიუს ჯორჯიას გადამღები ჯგუფი ჭიათურიდან ჩამოსულ დემონსტრანტს რუსთაველის გამზირზე შეხვდა და მისი ამბავი მოისმინა.

ვალერი ჭიტაძე საპროტესტო აქციაში სისტემატურად მონაწილეობს. ფერმერი ჭიათურასთან ახლოს, სოფელ წირქვალში ცხოვრობს, სადაც პატარა მეურნეობა აქვს მოწყობილი. მის მიერ გამომცხვარი დოლის პური საქართველოს დროშის გამოსახულებით და ფერადი ყაბაყისგან დამზადებული ჯემები აქციაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ფერმერმა რამდენიმე წლის წინ სოფელში მე-19 საუკუნის წყლის წისქვილი აღადგინა და პურს სწორედ ამ წისქვილზე დაფქული მარცვლეულისგან აცხობს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები