მედიის თავისუფლებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და დაასრულონ „მედიის უპრეცედენტო“ დევნა. ამის შესახებ ინფორმაციას განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაცია „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” ავრცელებს.
საერთაშორისო მედიაორგანიზაციები მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფუძვლიანად გამოძიებას მოითხოვენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდება, რომელიც ციხეში შვიდ წლამდე პატიმრობას გულისხმობს, მომხდარს არ შეესაბამება, ასევე წერია სხვა ჟურნალისტებზე ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმის ფაქტებზე.
„ამაღლობელის დაპატიმრებამდე „ბათუმელების” მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე დგებუაძის მხრიდან ვერბალური თავდასხმის მსხვერპლი გახდა. „ბათუმელებს” ამის შესახებ არაერთხელ დაუწერიათ და დგებუაძის მმართველობის ქვეშ ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ცნობები გამოუაშკარავებიათ”, – განცხადებაში ვკითხულობთ.