მთავარისაქართველო“ქართული ოცნების” პოლიტიკა და კანონები

“ქართული ოცნების” პოლიტიკა და კანონები

„გრანტების შესახებ“ კანონი, ე.წ. გამჭვირვალობის კანონის ნაცვლად ამერიკული FARA-ს ანალოგი, „ღალატის მუხლის“ აღდგენა, მედიის კონტროლის შესახებ კანონი ე.წ. ბრიტანული მოდელით, გამკაცრებული სისხლის სამართლის კოდექსი „შეკრებებსა და მანიფესტაციებთან“ დაკავშირებით. ამ და სხვა საკანონმდებლო ინიციატივებით, ბოლო პერიოდია „ქართული ოცნება“ ოპონენტებსა და მმართველი გუნდის მიმართ კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას უპირისპირდება.

მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ამ კანონებს არა პარტიული, არამედ სახელმწიფოს სუვერენიტეტის გამტკიცების მიზნით იღებენ.

თუმცა, საბოლოოდ რას მოუტანს ეს სვლები არა მხოლოდ ქართულ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას, არამედ თავად „ქართულ ოცნებას“, ამაზე პასუხად აცხადებენ, რომ მიზანი სტაბილურობისკენ სწრაფვაა.

„არც ერთი კანონი, რომელსაც ნებისმიერ განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში იღებენ, არ შეიძლება იყოს ქვეყნის საწინააღმდეგო. ამ კანონებს იმიტომ ვიღებთ, რომ დღეს, ამ მოცემულობაში, ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ეს კანონები მოქმედებს და ამოქმედდება არა რომელიმე პარტიის ინტერესების გასატარებლად, არამედ სახელმწიფოებრიობის გასამტკიცებლად. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა. კანონის გარეშე ამას ვერ გააკეთებ. რაც შეეხება კანონს, იგი უნდა სამართლიანი და ამავდროულად მკაცრი. მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. აი, ეს სჭირდება დღეს საქართველოს სტაბილურობისთვის“, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი.

საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ეს სვლები მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის საწინააღმდეგოა.

მათივე შეფასებით, მმართველი პარტია არალეგიტიმური პარლამენტის საშუალებით, ოპონენტების განადგურებისთვის იღებს დიქტატორულ კანონებს.

„მე და ჩემი კოალიცია არ ვცნობთ ამ პარტიას, როგორც ლეგიტიმურ მმართველ ძალას. შესაბამისად, მე არ ვაფასებ არც ერთ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტად წოდებულ შენობაში, რადგან იმ შენობაში იმყოფება არალეგიტიმური პოლიტიკური ძალა. შესაბამისად, ეს რეპრესიული ვითომ კანონებიც და ის პროცესი რეალურად, რაც ახლა იქ მიმდინარეობს, ეს არის საქართველოს ღალატი. ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება და რუსული დაზვერვის სპეცოპერაცია. ეს „ღალატის მუხლი“ თავად ირაკლი კობახიძეს და სხვებს თავად გაასამართლებს ძალიან მალე და ვიტყოდი რომ ეს არის წინდახედული ნაბიჯი მათი მხრიდან“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, შორენა ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ამჟამინდელი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა დიდი ბუნდოვანებითა და იზოლაციური ნაბიჯებით არის მოცული. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეპრესიული პოლიტიკით, საქართველო უკვე დაზიანდა როგორც საზოგადოების გახლეჩის თვალსაზრისით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ეს კი მისივე თქმით თავად „ქართული ოცნებისთვისაც“ დამაზიანებელი იქნება გარკვეული დროის შემდეგ.

„ბოლო პერიოდში ყველაფერი ბუნდოვანია. რომელი მხრიდანაც არ უნდა ვეცადოთ შეფასებასა და ანალიზს, ძალიან რთულია ეს ბუნდოვანება შესაბამისად შეფასდეს. ჩვენ ლოგიკას ვერ ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებში. როდესაც მათი ქმედებები გვაშორებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, აღებულ საგარეო კურსს და მივდივართ თვითიზოლაციისკენ, ეს არ შეიძლება ჯდებოდეს ლოგიკაში. ხომ ვხედავთ, რომ ეს ქმედებები არ უწყობს ხელს ქვეყანაში ვითარების დასტაბილურებას, საზოგადოების კონსოლიდირებას, რაიმე პოლიტიკურ შეთანხმებამდე მისვლას. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ესკალაციის რაღაც გაუგონარ პიკში. ლოგიკურად და რაციონალურად ეს მათთვისაც გასაგები უნდა იყოს. ეს მათ უფრო აზიანებთ. იმიტომ რომ საქართველო უკვე დაზიანდა მათი ნაბიჯებით. ჩვენ, საზოგადოებამ და სახელმწიფომ უკვე დიდი ზიანი მივიღეთ რეპუტაციულად, ნდობის კუთხით. როგორ შეიძლება ვინც აზიანებს, მისთვისაც იგივე ეფექტი არ მოჰქონდეს ამ ზიანს“, – აცხადებს შორენა ლორთქიფანიძე.

„ქართული ოცნება“ საერთაშორისო პოლიტიკაში ცვლილებებს ელის და ამ პარტიის ლიდერების თქმით, საქართველოს საგარეო კურსიც ამაზე იქნება დამოკიდებული. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ასეთი პოლიტიკით მმართველ პარტიას ქვეყანა რუსულ-ჩინურ-ირანულ ორბიტაზე გადაჰყავს. რუსთაველის გამზირზე კი კვლავ დემონსტრაციებია. საქართველოს ევროპული მომავლის მოთხოვნითა და იმედით ისევ იკრიბებიან.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend