ახალმა ევროკომისიამ პირველ ას დღეში გარდამტეხი სუფთა ინდუსტრიის შეთანხმების (Clean Industrial Deal – CID) დაპირება გასცა, თუმცა გავრცელებული ვერსიით, ამ მოლოდინს ვერ ამართლებს და ძირითადად, უკვე გამოცხადებული ინიციატივების ერთობლიობას წარმოადგენს.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ადმინისტრაციის ფლაგმანური სუფთა ინდუსტრიის შეთანხმების პროექტი ასახავს მთავარ ელემენტებს, რომლებსაც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო აშშ-სა და ჩინეთის გამოწვევად მიიჩნევს სუფთა ტექნოლოგიების გლობალურ დომინაციაში.
„სუფთა ინდუსტრიის შეთანხმების ამბიციამ 2030 წლისთვის ევროკავშირი ცირკულარული ეკონომიკის მსოფლიო ლიდერად უნდა აქციოს“, – ნათქვამია Euronews-ის მიერ მოპოვებულ 22-გვერდიან დოკუმენტში.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანიებს „სტიმული მიეცემათ, რათა დეკარბონიზაცია ევროპაში განახორციელონ“.
ევროკომისია ხედავს „ახალი, წარმატებული ევროპული ინდუსტრიული ეკოსისტემის“ ჩამოყალიბების გზას ექვსი „ბიზნესმამოძრავებელი ძალის“ (business drivers) განვითარებაში:
ხელმისაწვდომი ენერგია
პირველი ხელმისაწვდომი ენერგიაა, რომლისთვისაც უკვე განსაზღვრულია სამოქმედო გეგმის გამოცემა 26 თებერვალს, CID-ის გამოცხადებასთან ერთად.
ევროკომისია იმავე დღეს, ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად, კორპორაციული ელექტროენერგიის შესყიდვის (PPA) საპილოტე პროგრამას დაიწყებს.
ასევე შეიქმნება „ელექტროგადამცემი ქსელების საწარმოო პაკეტი“, რომელმაც უნდა აღმოფხვრას ევროპაში ელექტროგადაცემის ქსელების სუსტი მხარეები, რაც ტრანსპორტისა და ინდუსტრიის ელექტრიფიკაციის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად არის მიჩნეული.
ამ პროექტებისთვის გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა ჯერ დადგენილი არ არის, რაც მიუთითებს, რომ ევროკომისიას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ფინანსების განაწილებაზე.
გეგმაში ასევე ხაზგასმულია ნებართვების გაცემის პროცესის დაჩქარების, გაზის ბაზრის ოპტიმიზაციისა და ენერგეტიკის დაბეგვრის რეკომენდაციების შემუშავების აუცილებლობა, რაც მომავალ წელს უნდა განხორციელდეს.
მოთხოვნის სტიმულირება
მეორე მამოძრავებელი ძალა „საკვანძო ბაზრების“ შექმნაა, რასაც ხელი უნდა შეუწყოს ინდუსტრიული დეკარბონიზაციის ამაჩქარებელი აქტით (Industrial Decarbonisation Accelerator Act), რომლის გამოცემაც წლის ბოლომდე იგეგმება.
ევროკავშირი მიმართავს ძალისხმევას, რათა გაზარდოს წყალბადის მოთხოვნა, როგორც ფოსილური საწვავის ალტერნატივა ინდუსტრიულ პროცესებში.
ევროკომისია განსაზღვრავს დაბალნახშირბადოვანი წყალბადის წარმოების წესებს პრაქტიკულ და რეალისტურ ჩარჩოებში.
დანარჩენი ოთხი მამოძრავებელი ძალა მოიცავს:
-
დაფინანსების გაზრდას;
-
ცირკულარული ეკონომიკის გაძლიერებას;
-
ძირითადი ნედლეულისადმი წვდომის გაუმჯობესებას;
-
გლობალური ბაზრებისა და საერთაშორისო პარტნიორობების განვითარებას.
უნარების გაერთიანება
CID აღიარებს, რომ ევროპას კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა აქვს და ამ პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად.
დოკუმენტის გამოქვეყნება უკვე 5 მარტისთვის დაიგეგმა და ევროპული ავტოწარმოებისთვის სპეციალურ სამოქმედო გეგმასთან ერთად წარმოადგენენ.
ევროკავშირი სათბურის აირების ემისიების 90%-ით შემცირების ვალდებულებას ინარჩუნებს.
კლიმატური ქმედებების ქსელის (Climate Action Network Europe) წარმომადგენელი გრეგ ვან ელსენი აცხადებს, რომ ევროკომისიას უკან არ მიაქვს თავისი დაპირება, რომელიც 2040 წლისთვის სათბური გაზების ემისიების 90%-ით შემცირებას გულისხმობს.
დოკუმენტი ეხმიანება ურსულა ფონ დერ ლაიენის ბოლო განცხადებებს, რომელთა მიხედვით, „ევროპა კლიმატის მოქმედებების კურსს არ გადაუხვევს“.
