საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გამოეხმაურა 18 თებერვალს მასზე მომხდარ თავდასხმას. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რეჟიმი ვეღარ მართავს ქვეყანას.
„საქართველო ამაზე ბევრად მეტია, საქართველო ამაზე ბევრად დიდია. ესენი ვეღარც მართავენ საქართველოს. ერთადერთი რაც შეუძლიათ, არის რეპრესიული ზომების მიღება და კვერცხის სროლა. რა უსუსური უნდა იყო, რომ ამაზე დახვიდე, როცა შენ ხარ ხელისუფლება. ეს სიტყვა არ მიყვარს ამათ შემთხვევაში. ეს აღარ არის ხელისუფლება. ეს არის რეჟიმი და რა სისუსტეს ავლენს რეჟიმი, როცა პრეზიდენტის, ქალის მიმართ ასე იქცევი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის და გააკრიტიკა სამართალდამცავი უწყებები.
„ეს ყველაფერი ავნებს საქართველოს საზღვრებს გარეთ. რანაირად უნდა ვთქვათ რამე ტურიზმზე, როცა უსაფრთხოება არ არის აეროპორტში დაცული. არც გუშინ იყო პოლიცია, როცა თავს დაესხნენ ყოფილ პრემიერს… იქ მხოლოდ მე არ ვიყავი, იყვნენ უცხოელი ტურისტები, რომლებიც გაკვირვებულნი უყურებდნენ იმას, თუ რა სიმხეცეა ამ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელ მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტისთვის.
„ჩვენ გვჭირდება ლიდერები, მაგარი ქალები – ცოცხალი. არ გვჭირდება მსხვერპლი”,- თქვა მეხუთე პრეზიდენტმა.