„არ მინდა, ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემ ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ“, – წერს მზია ამაღლობელი მათ, ვინც თვეზე მეტია მის ჯანმრთელობაზე ძალიან ღელავს. 38 დღის შემდეგ ჟურნალისტი შიმშილობას წყვეტს და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს მათაც, ვინც პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის სოლიდარობის ნიშნად თავადაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.
18 თებერვალს მზია ამაღლობელის წერილი საზოგადოებას „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ გააცნო:
„ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მომხდარი ტრაგედიის ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნისა და დაღუპვის ფონზე ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ მათაც, შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობა ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრებისა და ოჯახის მიმართ. არ მინდა, ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემ ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ”, – წერია მზია ამაღლობელის წერილში.
მზია ამაღლობელი კლინიკაში რჩება. მან ახლა კვების აღდგენის რთული პროცესი უნდა გაიაროს. ექიმი განმარტავს, რომ განსაკუთრებით საყურადღებო შიმშილობის შეწყვეტის პირველი ორი დღეა.
„ამ ხანგრძლივობის შიმშილობა დაკავშირებულია ძალიან დიდ რისკებთან. 30 დღის შემდეგ მოსალოდნელია სხვადასხვა ორგანოს ფუნქციების მოშლა, რაც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ძალიან ცუდ გამოსავალთან. დღეს რა მოცემულობაც გვაქვს, ჩვენთვის ძალიან მისაღები და სასიხარულოა.
განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, პირველი ორი დღეა. სპეციალური მენიუა შემუშავებული, დამტკიცებულია ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლი. შესაბამის თანმხლებ მკურნალობასთან ერთად განვითარდება ეს პროცესი.
კვირის განმავლობაში დავაკვირდებით მის მდგომარეობას. ყოველდღე მოხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება, ლაბორატორიული კვლევების ჩატარება“, – განაცხადა „ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.
18 თებერვალს მზია ამაღლობელი ადვოკატმაც მოინახულა. ჟურნალისტის უფლებადამცველები ახლა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან. სააპელაციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გააუქმებს თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლევან ყოლბაიას, გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე. ადვოკატებმა 13 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჟურნალისტის გათავისუფლების მოთხოვნით საქმეში არსებულ ახალ გარემოებებზე დაყრდნობით მიმართეს.
„წინასწარ პატიმრობაში დატოვების არანაირი გარემოება არ არსებობს. საქმე ახლა ქუთაისის სასამართლოშია. საგამოძიებო კოლეგიამ უნდა იმსჯელოს ამაზე.
72- საათიანი ვადა აქვთ. კვირა დღის შუადღის საათებიდან დაიწყო ათვლა და წესით გადაწყვეტილება ხვალ უნდა მიიღონ“, – განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.
მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაკავების დღიდან დაიწყო. „არ ვაპირებ, მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი – ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“, – სწერდა პატიმრობაში მყოფი მოშიმშილე ჟურნალისტი მხარდამჭერებს.
მზია ამაღლობელის დაკავების დღიდან ჟურნალისტის მხარდამჭერი აქციები არ წყდება თბილისსა და ბათუმში. მის გათავისუფლებას ითხოვენ კოლეგები, მხარდამჭერები, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, ქართული და უცხოური უფლებადამცველი ორგანიზაციები.