მთავარისაქართველო„ბოლომდე!“ - უწყვეტი პროტესტის 83-ე დღე

„ბოლომდე!“ – უწყვეტი პროტესტის 83-ე დღე

„ბოლომდე!“ – ამ სახელწოდების აქციის ფარგლებში მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე პროევროპული პროტესტის 83-ე დღეს შეიკრიბნენ.

საკანონმდებლო ორგანოსთან მისული დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელი რჩება – დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ როგორც 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული პროტესტისას, ისე 2024 წლის გაზაფხულზე, ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას დაკავებული პირები.

18 თებერვალს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის დაბადების დღეზე, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები საპროტესტო ბანერებით, სხვადასხვა ატრიბუტითა და „მისალოცი ბარათებით“ მივიდნენ.

დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ქუჩასა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო გზავნილების შემცველი ბანერები გადმოფინეს. მათვე გაავრცელეს მანიფესტი, რომლის მიხედვითაც, არ აპირებენ საქართველოში არსებულ ვითარებასთან შეგუებას და გმობენ ქვეყანაში მიმდინარე ძალადობას.

„ტრაგედიით, სისასტიკით, სიხარბით, პროპაგანდითა და ოლიგარქიული მისწრაფებებით ნაკვებ პოლიციურ რეჟიმს, ყოველდღიურად ძალადობრივად რომ ცდილობს ჩვენს გაჩუმებას, ჩვენს დაშორიშორებას, ჩვენ შორის შიშისა და შუღლის ჩანერგვას – ერთიანობით ვპასუხობთ. ვპასუხობთ ტყუილს, გაყალბებულ რეალობას, პოლიტიკურად გარყვნილ ელიტასა და მათ დღის წესრიგს:

ამბოხებაა ჩვენი პასუხი!
აზვავებაა ჩვენი პასუხი!
შეთქმულებაა ჩვენი პასუხი!
ამხედრებაა ჩვენი პასუხი!

ჩვენ ვდგავართ ყველგან, ვდგავართ მთელს საქართველოში, ვდგავართ მხარდამხარ და ვაშენებთ ხიდებს, ერთმანეთისკენ მისასვლელ ხიდებს და ვაგრძელებთ ბრძოლას თავისუფლებისთვის, თანასწორობისა და სოლიდარობისთვის!“ – წერია მანიფესტის ტექსტში.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ პროტესტს და იბრძოლებენ თითოეული დაკავებულის გათავისუფლებისთვის. სისხლის სამართლის წესით სხვადასხვა მუხლით პატიმრობა აქვს შეფარდებული 53 პირს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend