მთავარისაქართველო“მოვუწოდებთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, შექმნას საგამოძიებო კომისია“ - EMC და ,,კონსტიტუციის...

“მოვუწოდებთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, შექმნას საგამოძიებო კომისია“ – EMC და ,,კონსტიტუციის 78-ე მუხლი

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი, „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდებენ, შექმნას საგამოძიებო კომისია საქართველოში საჯარო მოხელეთა მასობრივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა მასობრივი გათავისუფლება 2024 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო და დღემდე გრძელდება და რომ სამსახურებიდან მათ ათავისუფლებენ, ვინც საჯაროდ გააპროტესტა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.

„მასობრივ გათავისუფლებებს წინ უძღოდა ცვლილებები ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში, რამაც უკიდურესად დაასუსტა საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივი გარანტიები, მათ შორის, გაამარტივა მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობა და შეზღუდა დარღვეული უფლებების აღდგენის – სამართლიანი კომპენსაციის მიღებისა და სამსახურში აღდგენის შესაძლებლობები. მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები ადასტურებს, რომ აღნიშნული ცვლილებები პროტესტის გამომხატველი საჯარო მოხელეების დასჯისა და საჯარო სექტორში განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით იქნა მიღებული. ცვლილებების მიღებამდე, საჯარო სექტორში გამოხატული მასობრივი პროტესტი პრემიერ-მინისტრმა საჯარო სამსახურის ,,თვითწმენდის’’, ხოლო ქალაქ თბილისის მერმა „თვითლუსტრაციის“  პროცესად შეაფასა და ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი საკანონმდებლო რეაგირება დააანონსა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კი, ცვლილებები საჯარო სექტორის ,,გაჯანსაღების’’ საჭიროებით ახსნა”, – წერია განცხადებაში.

გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა ნაწილი საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოში იბრძვის. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროფესიული კავშირი „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ სამართლებრივ დახმარებას უკვე 100-ზე მეტ პირს  უწევს და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend