მთავარისაქართველოდაფუძნდა „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“

დაფუძნდა „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“

17 თებერვალს „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ დაფუძნდა. ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეზე, მისსავე ძეგლთან, მოძრაობის წევრებმა მანიფესტი წაიკითხეს და განაცხადეს, რომ უახლოეს თვეებში დაგეგმილია სრულფასოვანი საპროგრამო დოკუმენტის შემუშავებაც. როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, მათ რიგებში სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე მოქალაქეები არიან, რომელთაც სჯერათ, რომ საქართველოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი გზა სწორედ სოციალური დემოკრატიის გზაა.

„მოძრაობის წევრებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ სამართლიან ეკონომიკურ პოლიტიკას, შრომის უსაფრთხოებას, ღირსეულ შრომით პირობებს, ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვასა და განათლებას, თანასწორობას, სამართლიან მართლმსაჯულებას, ეწინააღმდეგებოდნენ ბუნებრივი რესურსების მიტაცებას. მოძრაობის წევრთა ნაწილი პროფკავშირულ გაერთიანებას წარმოადგენს, ნაწილი კი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბრუნებისთვის მიმდინარე პროტესტში”, – აღნიშნავენ დამფუძნებლები.

ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ ახალი მოძრაობა სპონტანური ინიციატივა არ არის და არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ მემარცხენე ჯგუფებმა კოორდინაცია, ერთობლივი მუშაობა და აქტიური წინააღმდეგობა გააძლიერეს ერთპარტიული მმართველობისა და კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ.

„დღეს ავტორიტარიზმის გაძლიერების, შიშისა და დაბნეულობის ფონზე, მოძრაობისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე, თანასწორობასა და უკეთეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაზე ღიად და უკომპრომისოდ საუბარი. მოძრაობა ამის მიღწევას არგუმენტების თანმიმდევრული გავრცელებით, ახალი წევრების მიღებით, პროტესტის მუხტის გაძლიერებითა და ახალი აქტივობების წამოწყებით გეგმავს”, – ამბობენ მოძრაობის დამფუძნებლები.

„ჩვენ ვხედავთ ერთმანეთს. ვხვდებით ერთმანეთს. ვდგავართ მხარდამხარ. ვიწყებთ მოძრაობას სოციალური დემოკრატიისთვის“, – წერია მოძრაობის მანიფესტში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend