მთავარისაქართველობათუმში ორი ბავშვი დაიღუპა — ისინი წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ „ოცნების ქალაქის”...

ბათუმში ორი ბავშვი დაიღუპა — ისინი წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ „ოცნების ქალაქის” მიმდებარე ტერიტორიაზე

15 თებერვალს ბათუმში ორი არასრულწლოვანი დაიღუპა — ისინი წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ. ონლაინგამოცემა „ბათუმელების” ინფორმაციით, შემთხვევა ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

„ბათუმელების” ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა, რომ ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა, სამშენებლო ტერიტორია არ არის. მოქალაქის კითხვაზე, თუ რატომ მუშაობდა ტრაქტორები შემოუღობავ ტერიტორიაზე, მან განაცხადა, რომ „წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს”.

საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები მოქალაქეები 2012 წლიდან ითხოვენ.

დაახლოებით ერთი კვირის წინ ღონისძიება გაიმართა ტერიტორიაზე, სადაც პრემიერ-მინისტრმა მშენებლობის მეორე ეტაპის შესახებ განაცხადა, რის ფარგლებშიც 9 მრავალსართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, 1077 ბინით.

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, პირველ ეტაპზე, სამი 12-სართულიანი სახლის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო და 582 ოჯახისთვის ბინების გადაცემა 2024 წლის ზაფხულში დასრულდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend