მთავარისაქართველოშიმშილობის 35-ე დღე - კოლეგების მხარდაჭერა მზია ამაღლობელს

შიმშილობის 35-ე დღე – კოლეგების მხარდაჭერა მზია ამაღლობელს

კოლეგები და თანამოაზრეები, შიმშილობის 35-ე დღეს მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად სამკურნალო დაწესებულებასთან შეიკრიბნენ. ამბობენ, რომ სოლიდარობა ახლა არა იმდენად მზიას სჭირდება, არამედ იმ ხალხს, ვინც გარეთაა და შეუგუებლად ცდილობს, ქვეყანა რუსული საცეცებისგან დაიცვას.

მოშიმშილე მედგარ ჟურნალისტს კი უპირველესად ჯანმრთელობას და სიცოცხლის შენარჩუნებას უსურვებენ, რადგან მათივე თქმით, მზიასნაირ ადამიანებს ცოცხლად მყოფთ შეუძლიათ ამ ქვეყანას ბევრი სასიკეთო საქმე გაუკეთონ.

“მან ძალიან სამაგალითო ბრძოლა აჩვენა ამ პერიოდის განმავლობაში და დღეს უკვე 35-ე დღეა, მას შემდეგ რაც შიმშილობა დაიწყო. წამმზომი არის ჩართული და ძალიან გვეშინია რომ მას რაიმე ფიზიკურად გაურთულდეს. ეს არავინ არ უნდა დავუშვათ, ამას საკუთარ თავებს ვერ ვაპატიებთ. ამიტომაც, დღეს აქ შეკრებით, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ პირველი, გამოვუცხადოთ სოლიდარობა, გავამხნეოთ და დავიხსნათ რეჟიმის ტყვეობისგან“, – აცხადებს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი მაია მეცხვარიშვილი.

კლინიკა „ვივა მედთან“ სხვადასხვა მაუწყებლისა თუ გამოცემის ჟურნალისტი მივიდა. ამბობენ, რომ ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით ჟურნალისტიკა, პროფესიული სტანდარტებიდან და ჩარჩოებიდან გამოიყვანა, რასაც მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული სისტემური დასჯის მიდგომებიც ადასტურებს.

მათივე თქმით, კრიტიკული ჟურნალისტიკა, რაც მედიის პირდაპირი ვალდებულებაა, ახლა დიდი წნეხის წინაშეა და რეპრესიების ზღვარი კიდევ უფრო იმატებს. ეს პროცესი ქართულ საზოგადოებას, ხმის ამომღები ინსტიტუციის გარეშე დარჩენის საშიშროების წინაშე აყენებს.

„თუ ნამდვილად აქვს „მშვიდობა“ ლოზუნგად ამ ხელისუფლებას, სწორედ ეს იქნება ნამდვილი აქტი ამის გამოხატულების, რომ მზია დღესვე გაათავისუფლოს წინასწარი პატიმრობიდან. ეს იქნება ამის დამტკიცების საუკეთესო საშუალება. მედიის მიმართ რეპრესიები, ეს იმდენად თვალსაჩინოა, რომ არ დარჩენილა კრიტიკული მედია, რომელსაც არ შეხებია. მედია კრიტიკული უნდა იყოს, ზუსტად იმისთვის რომ მმართველს არ გადაუცდეს ხელი საზოგადოების წინააღმდეგ. ეს არის მედია და არა პროპაგანდისტული იარაღი. მე ასეთ ორგანიზაციებს მედიის ნაწილად არც ვთვლი. კრიტიკული მედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის არსებობისთვის და ამას ექმნება დღეს საფრთხე“, – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხის ჟურნალისტი, ნინო ზაუტაშვილი.

მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შეკრებული ჟურნალისტები ამბობენ, რომ სანამ იბრძვი, ცოცხალი ხარ და ჟურნალისტის სიტყვას სწორედ მაშინ აქვს ფასი, თუ ის ამხელს და სიმართლეს ამბობს. ამიტომ არ აპირებენ შეეგუონ პროცესს, რომელიც მათივე თქმით რუსეთსა და მსგავსს დიქტატორულ ქვეყნებში უკვე ნანახი აქვთ. ამას ამბობს მოშიმშილე ჟურნალისტიც, თავის გზავნილში – „იბრძოლეთ ყველგან, იყავით მამაცები“.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend