მთავარისაქართველო„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმიანება

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმიანება

„ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ გავლენას“, – ასე პასუხობს „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას ეხება.

„ქართული ოცნება“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „დიფ სთეითის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებას, ევროპას კი, „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენისგან“ თავის დაღწევას უსურვებს. პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში წერია, რომ „ქართული ოცნება“ „ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების გვერდით დადგება.“

განცხადებაში წერია ისიც, რომ „ქართული ოცნების“ აზრით, „ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია.“

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ.

ჯერ კიდევ 2023 წლის 26 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა: „ეს გადამწყვეტი ბრძოლაა. ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას, ან ჩვენ უნდა გავანადგუროთ „დიფ სთეითი“.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დონალდ ტრამპი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში აქტიურად ჩაება და ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მას „დიფ სთეითის“ განადგურების საქმეში.

ჩვენი მხრივ, დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ გავლენას.

როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით.

ასევე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გუშინდელი განცხადება – „ევროპული ინსტიტუტების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია“.

ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია“, – წერია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend