მთავარისაქართველო“ქართული ოცნების” საგამოძიებო კომისია “ნაციონალური მოძრაობის” წარსული საქმიანობის შესწავლას იწყებს

“ქართული ოცნების” საგამოძიებო კომისია “ნაციონალური მოძრაობის” წარსული საქმიანობის შესწავლას იწყებს

13 თებერვალს, პარლამენტში პირველად შეიკრიბა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც მიზნად აქვს „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლა“.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის შესწავლა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის შემდეგ განაახლა.

კომისიას სამთავრობო გუნდის ყოფილი წევრი და ახლა უკვე პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. როგორც ამბობენ, მიზნად აქვთ არა იმდენად ვინმეს დასჯა, არამედ მაშინდელი რეჟიმის კიდევ ერთხელ შეფასება.

„ყველა მიმართულებით ყველა საქმეს ვერ გავწვდებით, მაგრამ იმდენად კი გავწვდებით, რომ კომისიის დასკვნაში ყველა მიმართულება იყოს – არის ეს ციხეების მიმართულება, სასამართლოს მიმართულება, სისხლის სამართლებრივი ბლოკი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულება, საჯარო მოხელეების მიმართულება, ე.წ. ჩარეცხილები, სხვადასხვა ტიპის ჩაგვრა თუ დევნა. ასევე არის არჩევნების მიმართულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს თემა რატომღაც აღარ ისმის – როგორი არჩევნებით მოვიდნენ და როგორ არჩევნებს ატარებდნენ. რეჟიმის დასახასიათებლად ესეც შესასწავლი იქნება.

ომის ნაწილში დავინტერესდებით პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობით.

ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ იმ ქართველი ჯარისკაცების საქმიანობაზე, რომლებიც რეჟიმმა გაწირა და შემდეგ, როდესაც არაერთი მათგანი გმირულად დაეცა საკუთარი სამშობლოს დასაცავად ბრძოლაში, ისინი არც კი გადმოასვენეს ისე, როგორც ეს ეკადრება სამშობლოსთვის დაცემულ ადამიანს. ბევრი, შემდეგ დააპატიმრეს და ბევრს, თუ არ დააპატიმრეს ის სამუშაო პირობები მოუშალეს, რომელიც მანამდე ჰქონდა შექმნილი და დევნასა და ჩაგვრაში ამყოფეს მრავალი წლის მანძილზე. ამიტომ, ჩვენ პირიქით, რაც შეეხება ჯარს და ჯარისკაცს, ჩვენ მათი შელახული უფლებების გამოკვლევაზე ვიმუშავეთ, მაგრამ ომის ნაწილში, როგორც აქ აღინიშნა, დავინტერესდებით პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობით. შესაძლებელი იყო თუ არა ობიექტურად, რომ თუნდაც ის ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოში დავა რუსეთის წინააღმდეგ უკეთესად მომზადებულიყო და ცხელ კვალზე, ასე ვთქვათ, მოგებულიც ყოფილიყო. სად წავიდა და რატომ წავიდა ქვეყნიდან აბსოლუტურად ყველანაირი მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე „ისკანდერი“, რომელიც რუსმა გორში ჩამოაგდო და როდესაც სტრასბურგის სასამართლოში გენერლებს ვუპირისპირდებოდით ფოტოს მეტი მე არაფერი არ მქონდა. დავდიოდი ამ „ისკანდერის“ ფოტოთი და ვამტკიცებდი, რომ ეს, ის არის, რაც რუსეთმა გორში ჩამოაგდო და ისინი დაგვცინოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს ფოტოშოპია. მეთოდი უნდა იყოს, მხოლოდ და მხოლოდ, ფაქტებზე დაფუძნებული მუშაობა და არა, რაღაც შეფასებითი. ახლა, მე პოლიტიკურად, ვინ მიყვარს და ვინ, არ მიყვარს ამაზე არ არის საუბარი“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

„პური არა, მაგრამ სანახაობა“ – ასე აფასებენ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში თვლიან, რომ ეს მხოლოდ პოპულისტური ნაბიჯია, თავიანთი მხარდამჭერების რეალური პრობლემებიდან, წარსულის საკითხებზე ყურადღების გადასატანად.

“პურსა და სანახაობას ასეთი რეჟიმები აწყობენ ხოლმე. პური არ არის, ხალხი ქვეყნიდან გარბის იმის გამო რომ სამუშაო ადგილები არ არის და „ქართული ოცნება“ სანახაობას გვთავაზობს. 13 წლის თავზე უნდათ რომ ადამიანებს მოუწყონ ახალი ცირკი და სანახაობა. ჩვენ ამისთვის ნამდვილად არ გვცალია. აქ „ბუტკაში“, ე.წ. პარლამენტში ყველაფერი არის ფარატინა ქაღალდი. მით უმეტეს თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისია. რუსეთის დუმაში ითხოვდნენ მსგავსი საგამოძიებო კომისიის შექმნას 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რომ ვინც წინააღმდეგობა გაუწია რუსულ ოკუპაციას, დაეჭირათ და დაესაჯათ. არადა, მთავარი დამნაშავე არის პუტინი. რუსეთის დანაშაულზე არაფერს ამბობენ და იმის გასამართლებას აპირებენ, ვინც წინ აღუდგა ოკუპაციას და ებრძოდა ოკუპანტს. ეს სავალალოა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობიდან“.

დროებითი საგამოძიებო კომისია სავარაუდოდ 6 თვე იმუშავებს. ის 10 დეპუტატითაა დაკომპლექტებული.

„ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ გამოკითხვაზე დაბარების შემთხვევაში თუ პირი კომისიასთან არ ითანამშრომლებს, მას კანონით გათვალისწინებული სასჯელი ელის. ჯერ უცნობია როდის და რა საკითხით დაიწყებს კომისია არსებით საკითხებზე მუშაობას.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend