კატეგორიები

საქართველოში პროტესტი არ წყდება

საქართველოში პროტესტი არ წყდება

პროტესტის 76-ე დღეს რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბნენ მოქალაქეები. საკანონმდებლო ორგანოს გასწვრივ კვლავ იყვნენ მობილიზებულნი საპატრულო ეკიპაჟები, ხოლო 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე ე.წ. „დაკავების მანქანები“ და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები განლაგდნენ. ამის მიუხედავად, სამართალდამცველებს მოქალაქეებისთვის გზის გადაკეტვისას წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

შეკრებილი მოქალაქეები რეპრესიებად აფასებენ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის ადმინისტრაციული ჯარიმებისა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის 15-დან 60 დღემდე გაზრდას. მათივე თქმით, მსგავსი ცვლილებების რეალური მიზანი პროტესტის ჩახშობაა.

„11 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში ვმუშაობდი და პირადად ვიღებდი მონაწილეობას იმ რეფორმებში, რომლებსაც უნდა გაეძლიერებინა სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი უწყებები. დღეს კი მეორედ დამირეკეს სასამართლოდან და დამაჯარიმეს 5000 ლარით. ჯამში 10 000 ლარი მაქვს გადასახდელი“, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თაია ცისკარაულმა.

დემონსტრანტები სოლიდარობას უცხადებენ აქციებისას დაკავებულ ყველა პირს, მათ შორის ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, რომელიც კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება და 32-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

„უსამართლობასა და თავისუფლების შეზღუდვაზე უარესი არც წყურვილია და არც შიმშილი. მზია ამაღლობელი შიმშილობს, რომელსაც ვერც „ნაცს“ დაარქმევენ და ვერც „ქოცს“. ყველას დროს უსამართლობას ებრძოდა და უბრალო მოქალაქეებისგან სიმართლე მიჰქონდა. მაშინ რას ნიშნავს ადამიანობა? რას ნიშნავს ქრისტიანობა? თუ ცოცხალ ადამიანს არ დავუდექით გვერდში, რომელსაც უჭირს, ავიწროებს და ჩაგრავს სისტემა“, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნინო ქანთარიამ.

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე ყოველდღიურ აქციას საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილები მსვლელობითა და საპროტესტო შეძახილებით შეუერთდნენ.

დემონსტრაციების 76-ე დღეს, მოქალაქეთა მოთხოვნები უცვლელი რჩება – ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პატიმრობიდან იმ პირთა გათავისუფლება, რომლებიც 28 ნოემბრიდან დღემდე, ასევე ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დააკავეს.

თბილისის გარდა პროტესტი გრძელდება რეგიონებშიც: ბათუმში, ქუთაისში, გორში, ახმეტაში, ახალციხეში, ზუგდიდსა და თელავში. მოქალაქეთა თქმით, ქუჩის პროტესტი მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო პარტნიორებს ესმოდეთ ქართველი ხალხის ხმა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები