კატეგორიები

პროკურატურამ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით საქმე აღძრა

პროკურატურამ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით საქმე აღძრა

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით საქმის აღძვრაზე იუწყება.

საგამოძიებო სტრუქტურის პრესსამსახურის ცნობით, საქმის წარმოება მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვას უკავშირდება.

„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს’’ წარმომადგენლების მიერ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოტანილი განცხადება, რომელშიც ისინი ბოლო წლებში და განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიუთითებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ღონისძიების სრულყოფილი, ობიექტური და ყოველმხრივი ჩატარებისთვის გამოძიების პროცესში ჩართულნი არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. განცხადებაში არ არის ნახსენები, კონკრეტულად ვის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება, თუმცა ცნობილია, რომ საქმის წარმოება საბოტაჟის მცდელობისა და უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის, ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით მიმდინარეობს.

ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 5-დან 10 წლამდე და 7-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები