თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებული მათე დევიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ბიძინა ჟამერაშვილი. სამართალდამცველმა სასამართლოს უთხრა, რომ ბრალდებულმა მას და სხვა პოლიციელებს აქციის მიმდინარეობისას ჯოხი დაარტყა. ბიძინა ჟამერაშვილმა გამოკითხვისას მოჰყვა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2024 წლის 19 ნოემბერს.
დაცვის მხარის განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ჩვენებაში არაერთი უზუსტობა გამოიკვეთა. მათე დევიძის ადვოკატის, თამარ ენუქიძის განმარტებით, მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, პოლიციელი იმ ტრავმას ვერ მიიღებდა, რომელზეც თავად საუბრობს.
.
21 წლის მათე დევიძე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამართულ ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დღევანდელ პროცესზე ის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრობაში დატოვა.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.
შემდეგი სასამართლო პროცესი 19 თებერვალს, 12:00 საათზე გაიმართება.