საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა. პრემიერი უკვე შეხვდა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს და თბილისი-ასტანას ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.
ვიზიტის მიწურულს მან მედიასთან რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც უფლებადამცველთა ნაწილის შეფასებით, რეპრესიულია. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ცვლილებები სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურება.
„არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა, ოთხ მილიონ ადამიანს შეუქმნას დისკომფორტი. არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა შეაფერხოს ეკონომიკის განვითარება ოთხი მილიონი ადამიანისთვის. ერთადერთი, რასაც „სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „ადმინისტრაციულ სისხლის სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები ემსახურება, სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფაა. ეს არის პოლიციის გაძლიერება, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვერავინ აღმართავს ხელს ქართულ სახელმწიფოზე და ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, მით უმეტეს ოთხი ასეული ადამიანი, რომელიც ცდილობს, ოთხ მილიონ ადამიანს შეუქმნას გარკვეული პრობლემები. არ შეიძლება ოთხი ასეული „ნაციონალის“ მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის პრობლემების შექმნა გავატაროთ. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო პრინციპულად დაიცავს საკუთარ პოზიციებსა და ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოში კონკრეტული დიპლომატების საქმიანობაზე და ისინი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.
„არიან კონკრეტული ელჩები, რომლებიც მიყვებიან „დიფ სთეითის“ ინსტრუქციებს. ეს უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ღმერთს, განსხვავებით იგივე რამდენიმე წლის წინანდელი მდგომარეობისგან, დღეს აღარ აქვს არავის იმის საშუალება, რომ უხეშად განახორციელოს ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში. კანონები იწერება საქართველოს პარლამენტში, კანონები აღსრულდება საქართველოს მთავრობაში. ეს არის ის, როგორც უნდა მოქმედებდეს სუვერენული ხელისუფლება და ჩვენ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ქართველი ხალხის წინაშე, რომ მომავალშიც ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ დამოუკიდებლად, საქართველოს ხელისუფლების მიერ, ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკაში 5 თებერვალს გაემგზავრა და ქვეყნის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევსაც შეხვდა.