მთავარისაქართველოპროტესტის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ სადავო კანონპროექტები დაამტკიცა

პროტესტის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ სადავო კანონპროექტები დაამტკიცა

85 მომხრე 0 წინააღმდეგი – „ქართულმა ოცნებამ“ მესამე მოსმენით დაამტკიცა „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონებში შესატანი გამკაცრებული ცვლილებები.

მმართველმა გუნდმა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი დევნის მუხლები მკვეთრად გაამკაცრა. მაგალითად, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის მაქსიმუმი 15-დან 60 დღემდე გაზარდა. გაიზარდა ასევე სხვადასხვა სახის ფულადი ჯარიმები, ხოლო იმ მუხლების ნაწილს, რომლებიც ფულად ჯარიმებს ითვალისწინებდა, სისხლის სამართლის დევნის კვალიფიკაცია მისცა.

ცვლილებათა პაკეტის თანახმად, სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნება განისაზღვრება და სპონტანური შეკრების დროს თვითმმართველი ორგანოს წერილობითი გაფრთხილება სავალდებულო ხდება. მკაცრად რეგულირდება დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის საკითხები.

წვრილმანი ხულიგნობა, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში მოქალაქეთა შეურაცხყოფას, ნაცვლად 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმისა ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 3 000 ლარამდე ან 20 დღემდე პატიმრობას, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა, ნაცვლად 1500-დან 2000 ლარამდე ჯარიმისა ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ან 5-დან 60 დღემდე პატიმრობას.

ვანდალიზმის განმეორებით ჩადენა, ნაცვლად 2 000 ლარი ჯარიმისა, ან 5 დღემდე პატიმრობისა, გამოიწვევს დაჯარიმებას ისევ 2 000 ლარის ოდენობით ან 20 დღემდე პატიმრობას.

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, ასევე სახელმწიფო მოსამსახურისა და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, ასეთი ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით. ამავე პროექტით, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.

პოლიტიკური თანამდებობის პირის და სახელმწიფო მოსამსახურის შეურაცხყოფაზე ასე გათვალისწინებულია იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა, 3 წლამდე ვადით. უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ეს მორიგი რეპრესიული ნაბიჯია საქართველოში მიმდინარე პროტესტის ჩასახშობად. პარლამენტში კი აცხადებენ, რომ ეს კანონები სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება. აქვე გეტყვით, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეს ცვლილებები დაჩქარებული წესით, ერთ კვირაში, ყოველგვარი საჯარო განხილვების გარეშე მიიღო.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend