ბრაზილიელებმა გააპროტესტეს დონალდ ტრამპის ინიციატივა USAID-ის დახურვის შესახებ. USAID-ის მიერ მხარდაჭერილი ბევრი პროექტი ეხებოდა ისეთ სფეროებს, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება და უმცირესობებისა და ქალთა უფლებები. USAID-ის დონორი ორგანიზაციები შიშობენ, რომ მათი პროექტები აღარ განხორციელდება.
დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ USAID დიდი ხნის წინ უნდა დახურულიყო. ილონ მასკმა, რომელიც ახალ ადმინისტრაციაში მთავრობის ხარჯების შემცირებას ხელმძღვანელობს, თქვა, რომ სააგენტოს „რადიკალური მემარცხენე გიჟები” მართავენ.
ბრაზილიაში USAID-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა თანამშრომლობა ამაზონის ბიომრავალფეროვნების დასაცავად. როგორც ცნობილია, მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყის დაახლოებით ორი მესამედი ბრაზილიაშია.
„იმედი გვაქვს, რომ ამერიკის მთავრობისა და ტრამპის ადმინისტრაციის აზრი შეიცვლება, როდესაც ისინი შეაფასებენ პროექტებს, რომლებსაც მხარს უჭერდნენ USAID-ის მეშვეობით. ეს პროექტები სარგებელს მოუტანს ამაზონს, შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხსა და სრულიად მსოფლიო კლიმატს. ისინი ამცირებენ იმ ბიუჯეტს, რომელიც აფინანსებს მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამებს, რომლებიც დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან, განათლებასთან, სანიტარიასთან. ისინი, ვინც ყველაზე მეტად ზარალდება, ეკონომიკურად ნაკლებად შეძლებულნი არიან”, – განაცხადა პროექტის Saúde e Alegria კოორდინატორმა ამაზონში, კაეტანო სკანავინომ.
2024 წელს USAID-მა ბრაზილიას 22,6 მილიონი დოლარი გამოუყო. ნახევარზე მეტი, დაახლოებით 14 მილიონი დოლარი, მოხმარდა ზოგადად გარემოს დაცვას. თუმცა პრიორიტეტი ამაზონი იყო.
აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა USAID-ის დახურვის შესახებ 3 თებერვალს განაცხადა.