მთავარიამერიკააშშცვლილებები USAID-ში - როგორ ხედავენ პროგრამის მომავალს ახალ ადმინისტრაციაში

ცვლილებები USAID-ში – როგორ ხედავენ პროგრამის მომავალს ახალ ადმინისტრაციაში

USAID არ იხურება, თუმცა სახეს იცვლის. ამერიკის საგარეო დახმარების საკვანძო სააგენტო სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადადის. ამჟამად მას პირადად მარკო რუბიო ხელმძღვანელობს. სახელმწიფო მდივანმა სალვადორში ვიზიტისას გააქარწყლა ხმები, რომ საერთაშორისო განვითარების პროგრამა იხურება და საკითხში მეტი სიცხადე შეიტანა.

„მე USAID-ის მოქმედი დირექტორი ვარ, ამ ფუნქციების დელეგირება დროებით სხვას გადავაბარე, თუმცა მასთან მუდმივ კავშირზე ვარ. ჩვენი მიზანია, საგარეო დახმარება ეროვნულ ინტერესებს დავუქვემდებაროთ. USAID-ს კი, აქვს ბევრი ისეთი ფუნქცია, რომელიც გაგრძელდება და იქნება ამერიკის საგარეო პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ ის უნდა იყოს სწორედ ამერიკის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში.

მიდგომა, რომელიც USAID-მა წლების განმავლობაში ჩამოაყალიბა არის: არა! ჩვენ დამოუკიდებელი ვართ, ვაფინანსებთ პროგრამებს დამოუკიდებლად იმისა, არის თუ არა ეს შესაბამისობაში საგარეო პოლიტიკასთან.

ეს სასაცილოა, ეს გადასახადების გადამხდელთა ფულია”, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

USAID 63 წლის წინ ჯონ კენედის პრეზიდენტობისას შეიქმნა და მეტწილად მსოფლიოში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, სიღარიბესთან ბრძოლაზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიის გაძლიერებაზე იყო მიმართული, ეს ყველაფერი კი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. უკვე დღეს პროგრამა 50-მილიარდდოლარიან ბიუჯეტსა და 10 000-ზე მეტ დასაქმებულს ითვლის. მას შემდეგ, რაც  USAID-ის თანამშრომლებს საკუთარ მეილებზე წვდომა შეუჩერდათ, ოფისებში არ შეუშვეს და პროგრამის ვებგვერდებიც გაითიშა –  ნაწილმა პროტესტს მიმართა. თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები გააპროტესტეს აქტივისტებმაც, დემოკრატმა კანონმდებლებმაც. მათთვის ეს უკანონო და ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა. განსაკუთრებულ საფრთხეს კი ისინი ხედავენ ილონ მასკში, რომელიც მანამდე USAID-ის დახურვას აანონსებდა და მას კრიმინალურ ორგანიზაციად ახასიათებდა.

„დონალდ ტრამპმა და მისმა მილიარდერმა მეგობარმა ილონ მასკმა დააყაჩაღეს აშშ-ის მთავრობის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სააგენტო. მასკის უწყებამ USAID-ის თანამშრომლები ოფისებს გარედან ჩაკეტა და მიიღო წვდომა კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე. გაწმინდეს სააგენტო მისი მიუკერძოებელი ლიდერობისგან და ჩააგდეს იგი ქაოსში თანამშრომლების შეურაცხყოფისა და შევიწროების კამპანიით. ამასთან, ტრამპმა გაყინა საკვანძო საგარეო დახმარება, რაც აზარალებს ჩვენს ეროვნულ ინტერესს და ათასობით ბავშვს მსოფლიოში მომენტალური რისკის ქვეშ აყენებს – შიმშილის, დაავადებებისა და სიკვდილის წინაშე. ცალკე საკითხია სამოქალაქო სამსახურში მყოფი ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღე ცდილობენ სამყარო უკეთეს ადგილად აქციონ”, – აღნიშნა საპროტესტო აქციაზე დემოკრატმა კონგრესმენმა დონ ბაიერმა.

გასულ წელს  USAID-ის სხვადასხვა ინიციატივით აშშ 209 ქვეყანას 71,9 მილიარდი დოლარით დაეხმარა. მათგან 100-100 მილიონი დოლარი აფრიკის 17 ქვეყანას ჯანდაცვის პროგრამებისთვის გამოიყო. შესაბამისად, ყველაზე მეტად პროგრამის შეჩერებას ამ რეგიონის ქვეყნები იგრძნობენ, მაგალითად, ტანზანიაში, სადაც ახლა ებოლაა გავრცელებული, ისევე როგორც ნიგერიასა და სამხრეთ აფრიკაში. ამასთან, შარშან მსოფლიოს 55 ქვეყანაში USAID-მა  20 მილიონი დოლარი აივ ინფექციასთან ბრძოლას მოახმარა, მათი პროგრამები მიმართული იყო ტუბერკულოზისა თუ პანდემიის საფრთხეების ირგვლივ, დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, წყლის სანიტარიაზე და ა.შ. სწორედ ამიტომაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი თავად USAID-ის შინაარსს იწონებს, პრობლემას კი სხვა რამეში ხედავს. კერძოდ, ხარჯების არარელევანტურობაში.

„მე მიყვარს USAID-ის კონცეფცია, თუმცა ისინი რადიკალი მემარცხენე შეშლილები გამოდგნენ. კონცეფცია კარგია, მაგრამ ხალხშია პრობლემა. ჩვენ უბრალოდ გვსურს გავაკეთოთ სწორი რამ. ეს ისაა, რაც დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო. ამ ყველაფერმა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს სიგიჟეს მიაღწია. ისინი სრულიად გაგიჟდნენ, იმით რასაც აკეთებდნენ, რა თანხებსაც გასცემდნენ ხალხზე, რომელსაც ის არ უნდა მიეღო. ეს იყო სირცხვილი, ეს იყო უდიდესი თაღლითობა, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ანგარიშს ამის შესახებ, ჩვენ მოგცემთ ამის შესახებ ანგარიშს საჭირო დროს“, – უთხრა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ვიდრე დონალდ ტრამპი და მთავრობის ეფექტიანობის სააგენტო USAID-ის არარელევანტურ ხარჯებს დაითვლის და პროგრამას განაახლებს, იგი მინიმუმ 3 თვითაა შეჩერებულია. ეს ეხება აშშ-ის სხვა საგარეო დახმარების პროექტებსაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend