მთავარისაქართველომზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანეს

მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში” გადაიყვანეს

მზია ამაღლობელი, რომელიც 24 დღეა შიმშილობს, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. როგორც კლინიკის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ევრონიუს ჯორჯიას განუცხადა, ჟურნალისტს ჩაუტარდა ყველა აუცილებელი კვლევა და ის ექიმების რეკომენდაციით სამკურნალო დაწესებულებაში დარჩება. კლინიკის დირექტორის თქმით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„პაციენტს ჩაუტარდა ყველა აუცილებელი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევა, რაც საჭიროა მისი მდგომარეობის შემთხვევაში. მზია ამაღლობელი მკურნალობას აგრძელებს სტაციონარის პირობებში“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ სატელეფონო საუბრისას.

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ასევე თქვა, რომ ექიმების რეკომენდაციაა, მოშიმშილე პაციენტი სამკურნალო დაწესებულებაში დარჩეს. ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, მზია ამაღლობელი კლინიკაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართვის საფუძველზე გადაიყვანეს.

მზია ამაღლობელის კლინიკაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გაავრცელა. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს მზიას უფლებებს სასამართლოში.

„უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დატოვებენ მას კლინიკაში”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მისი დაკავების დღიდან, 11 იანვრიდან, შიმშილობს. უფლებადამცველები და კოლეგები თითქმის სამი კვირაა ითხოვდნენ მისთვის ყველა საჭირო სამედიცინო კვლევის ჩატარებას და 24-საათიან სამედიცინო მეთვალყურეობას.

ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის სისხლის სამართლებრივი წესით დააკავეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend