მთავარისაქართველო„მკურნალობამ არ უნდა გაგვაღატაკოს“ - ონკოპაციენტების აქცია პარლამენტთან

„მკურნალობამ არ უნდა გაგვაღატაკოს“ – ონკოპაციენტების აქცია პარლამენტთან

„მკურნალობამ არ უნდა გაგვაღატაკოს“ – ამ გზავნილით 4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, საქართველოს პარლამენტთან ონკოპაციენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან შეკრებილი მოქალაქეების თქმით, უკვე წლებია, სახელმწიფო მათ პრობლემებს უგულებელყოფს. ადგილზე შეკრებილებმა ჯანდაცვის სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

„რეალურად არაფერი გამოსწორებულა. დაფინანსებაში არ შედის არც საჭირო კვლევები, არც მედიკამენტები. ამის გარეშე კიბოსთან ბრძოლა არის შეუძლებელი. რეგიონებში ხალხი ამბობს, რომ ბალახეულით ცდილობენ, გაუმკლავდნენ ონკოლოგიურ დაავადებებს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში, როდესაც არსებობს უამრავი იმუნოპრეპარატი. სახელმწიფო დაფინანსებაში 100-ზე მეტი დასახელების პრეპარატიდან მხოლოდ 23 შედის. წინასწარი კვლევები 10-15 000 ლარამდე ღირს და ეს დაფინანსებაში არ შედის“, – ამბობს ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, საერთაშორისო დაფინანსებაც შეაფერხა. ეს კი მათი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემას მასშტაბური საფრთხის წინაშე აყენებს.

ონკოპაციენტები უკვე 1 წელია, პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend