მთავარისაქართველომიხელ ყაველაშვილი პარლამენტის წინაშე წარდგა

მიხელ ყაველაშვილი პარლამენტის წინაშე წარდგა

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში საგაზაფხულო სესია პოლიციის რაზმებით უპრეცედენტოდ გაძლიერებული დაცვითა და ერთადერთი საკითხით გაიხსნა.

სანამ „ქართული ოცნება“ მანიფესტაციებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას დაჩქარებული წესით გაამკაცრებს და ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლისთავზე „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების ექვსთვიან საპარლამენტო პროცესს დაიწყებს, საზოგადოებას მიხეილ ყაველაშვილმა მიმართა.

მას მთავარ გამოწვევად ქვეყანაში ჯანსაღი ცხვრების წესის წახალისება მიაჩნია და აღნიშნა, რომ ამას ყურადღება უნდა მიექცეს. ისაუბრა საზოგადოების გამაერთიანებლების მისიაზეც და თქვა, რომ განსხვავებულობის მიუხედავად დაპირისპირებულმა მოქალაქეებმა საერთო ენა უნდა გამონახონ.

„უნდა გავზარდოთ განათლების სისტემის როლი ახალგაზრდების განვითარებაში, ვიზრუნოთ სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა ასევე იქნება ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. ამ ყველაფერს მთლიანობაში პრევენციული ხასიათი ექნება და უზრუნველყოფს რომ, რაც შეიძლება დაბალი იყოს დანაშაულში ჩართულობის რისკები ჩვენს საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გააერთიანა სპორტულმა მიღწევებმა და წარმატებებმა ჩვენი საზოგადოება, რამდენად სიყვარულით სავსე იყო ქართველი ხალხი ყოველი გამარჯვების დროს. ჩვენ გვყავს ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები, რომლებიც ამის მონაწილე არიან, ყველა გაგვახარეს და კიდევ ერთხელ ამ ბიჭებს დიდი მადლობა იმისთვის, რომ გაახარეს ჩვენი ერი. ასევე უდიდესია კულტურის სფეროს როლი, რომელიც სიამაყით ავსებს თითოეულ ქართველს და აერთიანებს საერთო ისტორიის, კულტურისა და იდენტობის გარშემო. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ საზოგადოებაში ხელოვნური პოლარიზაციის ფონზე სპორტმა და კულტურამ განსაკუთრებული გამაერთიანებლის როლი უნდა ითამაშოს. მე ვაპირებ, წარმატებულ, ჩვენთვის საყვარელ სპორტსმენებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად არაერთი საინტერესო იდეის განხორციელებას, რომელსაც საზოგადოებას ახლო მომავალში გავაცნობ.

ძვირფასო ახალგაზრდებო, ჩვენ, ქართველები, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, წარმოუდგენელია, ვიყოთ ერთმანეთის მტრები. ჩვენ გვაქვს ერთი ენა, ერთი კულტურა, ერთი ისტორია და ერთი სამშობლო, რომელსაც სჭირდება მოფრთხილება. თუკი ჩვენ ეს ყველაფერი გვაერთიანებს, როგორ შეიძლება, სხვა დანარჩენ საკითხებში განსხვავებული შეხედულებების გამო უარი ვთქვათ ერთმანეთზე და ერთმანეთთან საუბარზე. დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი აუცილებლად უშვებს, რომ სადღაც შეიძლება, ცდებოდეს. ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი შეცდომის დანახვა და აღიარება, სიმართლისთვის თვალის გასწორება. ჩვენ, განსხვავებულობის მიუხედავად, მოგვიწევს, გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება, ამიტომ, უნდა შევძლოთ რეალობისთვის თვალის გასწორება და ერთმანეთთან დიალოგი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრებმა და ლიდერებმა მიხეილ ყაველაშვილის მიმართვა დიდი პატრიოტიზმის გამოვლინებად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ის პრეზიდენტის ინსტიტუტს გააკეთილშობილებს.

„რამდენიმე მთავარი საკითხი შეიძლება გამოიყოს, რაც ყველაზე მეტად ალბათ ქართველისთვის, ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის იყო ყურადღებამისაქცევი და ეს იყო გამაერთიანებელი გზავნილი იმ ადამიანის, რომელიც დღეს საქართველოს პრეზიდენტია. ის მაქსიმალურად ცდილობდა თავის დღევანდელ გამოსვლაში ხაზი გაესვა გაერთიანების, ურთიერთპატივისცემისა და ქვეყნის გაერთიანების მთავარ საკითხებზე. ვფიქრობ, ეს არის ის დამოკიდებულება, რაც საქართველოს პრეზიდენტს ყველაზე მეტად ხელეწიფება კიდევაც, ევალება კიდევაც და მისი კომპეტენციიდან, მისი თანამდებობის სიმბოლური, თუ რეალური მდგომარეობიდან გამომდინარეობს.

გარდა ამისა, რამდენიმე ისეთი საკითხიც იყო, რომელიც ასმაგად სასიამოვნოა. მაგალითად იქ იყო საუბარი ჯანსაღი ცხოვრების წესზე. მიხეილ ყაველაშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით ალბათ უფრო მეტი ეთქმის. ასევე, როდესაც საუბარი იყო ანტინარკოტიკულ და სხვა მსგავს კამპანიებზე, ესეც იყო აბსოლუტური პოზიტივი იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ის, რაც გვჭირდება. ადამიანი, რომელიც ამას აიღებს თავის თავზე და თუ ეს იქნება პრეზიდენტი, ერთიორად სასიამოვნო იქნება მისი მხრიდან“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

სხდომა ნახევარ საათს გაგრძელდა. იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით გამოსვლები იყო დაგეგმილი, პროცესი მოულოდნელად შეწყდა. დეპუტატების უმრავლესობამ კი პარლამენტის შენობა, რომელიც პოლიციის დანაყოფებით იყო სავსე, სწრაფად დატოვა. მიზეზი უცნობია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend