თბილისში 4 თებერვალს კომპანია „ბოლტის” ტაქსის მძღოლებმა ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა გამართეს.
მძღოლები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომლის წინაშეც ბოლო დროს აღმოჩნდნენ. მიუთითებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების ტენდენციაზე.
მათივე თქმით, კომპანიასთან ვერ ახერხებენ მათი პრობლემების თაობაზე კომუნიკაციას.
„მაგალითად, ადამიანი ცუდ კომენტარს რომ დაგვიწერს, არ ცდილობს კომპანია, დაგველაპარაკოს, ან გვკითხოს, რეალურად მართლა მოხდა ეს კონფლიქტი [მგზავრსა და მძღოლს შორის] თუ არა… შემდეგ იბლოკებიან მძღოლები უვადოდ, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. მათ ჰყავთ ოჯახის წევრები, ზოგს ავადმყოფი ჰყავს და ეს ძალიან დიდ პრობლემას იწვევს”,-განაცხადა გურამ რთველიაშვილმა ევრონიუს ჯორჯიასთან საუბარში.
მძღოლები კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას. ამბობენ, რომ მგზავრის გადაყვანისას კომპანია უნდა იღებდეს 23,6%-ს, თუმცა რეალურად ასე არ ხდება.
„25-დან 27%-მდე გვეჭრება, ოფიციალურად კომპანიას უწერია 23,6 მაგრამ ეს რეალობას არ შეესაბამება”, – განმარტავს რთველიაშვილი.
მათივე თქმით, მგზავრის გადაყვანის ტარიფები ხშირად იმდენად დაბალია, რომ მომსახურება ხშირად საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უფრო იაფად უწევთ.
მძღოლების პროტესტის თაობაზე ევრონიუს ჯორჯიას კითხვებზე კომპანია „ბოლტმა” მოგვწერა:
„გვინდა განვმარტოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:
· პარტნიორი მძღოლები არ არიან „ბოლტის” თანამშრომლები. ისინი გამოიმუშავებენ თანხას „ბოლტის” პლატფორმის საშუალებით გენერალური წესებისა და პირობების ფარგლებში, რომლის შესახებ დეტალები საჯაროდ ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე.
· პარტნიორი მძღოლებისთვის შეკვეთების მისაღები დრო/საათები მოქნილია. შესაბამისად, აქტიური პარტნიორი მძღოლების რიცხვი მუდმივად ცვალებადია. ამის გათვალისწინებით აქტიური მძღოლების ზუსტი რაოდენობის მოწოდება არ არის შესაძლებელი.
· პლატფორმაზე მოქმედი საკომისიო 23.6%-ია, რომელიც ითვალისწინებს პლატფორმისთვის საარსებო აუცილებელ ხარჯებსა და უზრუნველყოფს მგზავრებისთვის ხელმისაწვდომ სერვისს, ხოლო პარტნიორი მძღოლებისთვის ღირსეულ შემოსავალს.
· პარტნიორ მძღოლად რეგისტრირებისთვის ყველა პოტენციურმა მსურველმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
o მართვის მოწმობა
o პირადობის მოწმობა
o ავტომობილის ტექპასპორტი
o ავტომობილის ფოტოები
o პარტნიორი მძღოლის ფოტოსურათი
ჩვენთვის პრიორიტეტად ყოველთვის რჩება ჩვენი პარტნიორი მძღოლებისთვის ღირსეული პირობების შეთავაზება, რაც უსაფრთხო სერვისსა და დამატებით შემოსავალს გულისხმობს”.
ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ კვლავ გამართავენ საპროტესტო მსვლელობებს.