გერმანიის მემარჯვენე-ცენტრისტული „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ მისი პარტია ულტრამემარჯვენე AFD-თან არასდროს ითანამშრომლებს.
ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრიდრიხ მერცის მიერ მიგრაციის კონტროლის გამკაცრებაზე ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
„შემიძლია ამომრჩეველი ერთ რამეში დავარწმუნო, რომ ჩვენ არ ვიმუშავებთ იმ პარტიასთან, რომელიც საკუთარ თავს „ალტერნატივა გერმანიისთვის” უწოდებს – არც წინასაარჩევნოდ, არც არასდროს“, – ამბობს ფრიდრიხ მერცი, „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი.
მერცსა და მის პარტიას აკრიტიკებენ, რადგან მათ მიგრაციის კონტროლის პოლიტიკის გასამკაცრებლად წარადგინეს რამდენიმე კანონპროექტი, რომელთაგანაც ერთ-ერთი AFD-ს მხარდაჭერის შედეგად მიიღეს.
ამ ფაქტმა ქვეყნის მასშტაბით პროტესტი გამოიწვია. დემონსტრანტები მერცს ადანაშაულებენ პირობის დარღვევაში, რომ არასდროს მიიღებდა რაიმე რეზოლუციას ულტრამემარჯვენე ან ნაციონალისტური პარტიების მხარდაჭერით.
23 თებერვალს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი გამოკითხვებით, ფრიდრიხ მერცის პარტია ლიდერობს. იგი კრიტიკას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ „AFD“-თან თანამშრომლობას არ გეგმავს.