მთავარისაქართველო2 თებერვალს დაკავებულ 8 პირს ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრება

2 თებერვალს დაკავებულ 8 პირს ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრება

თბილისის გასასვლელთან 2 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 8 პირს ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრება. მათ ბრალად ედებათ სტრატეგიული, ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობა.

ინფორმაცია დემონსტრანტებისთვის წარდგენილი ბრალის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გამართული აქციისას სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჯგუფურად, უკანონოდ შეეცადნენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას.

2 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 31 პირი დააკავეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა შსს-ს განცხადებით, საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

საავტომობილო გზები, მათ შორის აღმაშენებლის ხეივანი, სადაც საპროტესტო აქცია გაიმართა, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას მთავრობის დადგენილებით 31 იანვარს დაემატა. ეს დროში დაემთხვა სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივას მაგისტრალის გადაკეტვის შესახებ.

აქციის მონაწილეები, იურისტები და სამოქალაქო ორგანიზაციები ამ გადაწყვეტილებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და საპროტესტო აქციების კრიმინალიზების მცდელობად აფასებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend