პარტია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში დაწყებული პროცესები გამჭვირვალეს გახდის იმ ფინანსებს, რომელიც მათ შორის საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისთვის იხარჯებოდა.
„აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აღიარებს, რომ საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ ამერიკელების ფულით ფინანსდებოდა გამოგონილი იდეოლოგიების თავს მოხვევა, ცენზურა, შიდა პოლიტიკაში ჩარევა, ხელისუფლებების გადატრიალება და ა.შ.
როდესაც ამას ყველაზე დიდი დონორი აღიარებს, ეს ავტომატურად ეჭვის ქვეშ აყენებს სხვა ქვეყნების მიერ საქართველოში ფულის ხარჯვის კეთილსინდისიერებას.
ახლა ჯერი დანარჩენ დონორ ქვეყნებზეა. მათ უნდა გადაამოწმონ, რაში იხარჯება მათი გადასახადის გადამხდელების ფული. ამ ქვეყნების ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ამით განსაკუთრებით უნდა დაინტერესდნენ”, – აცხადებს ის.
ამავე განცხადებაში პაპუაშვილი ამბობს, რომ ეჭვქვეშ დგება სხვა ქვეყნების მიერ საქართველოში ფულის ხარჯვის კეთილსინდისიერებაც. შალვა პაპუაშვილი პირველ რიგში ბრიუსელს მოუწოდებს, გადაამოწმოს რაში იხარჯება ევროკავშირის სახელით საქართველოში გადმორიცხული თანხები.
მაგალითის მიმცემი კი ბრიუსელი უნდა გახდეს. 2023 წლის შემოდგომაზე წერილით მივმართე ევროკავშირის ელჩს, რომ მას უზრუნველეყოთ ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED, რომელსაც კულუარებში NED-ის ევროპულ ფილიალს ეძახიან) დაფინანსებების საჯაროობა. რამდენიმე თვიანი ფიქრის შემდეგ, ელჩისგან უარი მივიღე, იმ საბაბით, რომ EED განცალკევებული ორგანიზაციაა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საბაბი იყო. EED სრულად ფინანსდება ბრიუსელის და წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან და მას რამდენიმე ოდიოზური ევროპარლამენტარი მართავს.
ცალკე საკითხია 2024 წლის არჩევნებზე ბრიუსელიდან და სხვა დედაქალაქებიდან გაცემული თანხების უკანონო ხარჯვა პარტიული საარჩევნო მიზნებისთვის. ყველას გვახსოვს, საგარეო ზეწოლის გამო, როგორ მოუწია ანტიკორუფციულ ბიუროს შეეჩერებინა მისი კვლევა, როდესაც არჩევნებში ჩართული პოლიტიკური “ენჯეობის” უკან კონკრეტული უცხოური დონორების კვალი გამოიკვეთა.
აშშ-ში მიმდინარე პროცესები აუცილებელს ხდის, რომ ყველა საელჩომ საჯარო გახადოს მისი ქვეყნიდან არჩევნებზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე დახარჯული თითოეული ცენტი“,- წერს პაპუაშვილი.
ალეკო გვეტაძე