გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მიმდინარეობისას დააკავეს, დღეს სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის 2024 წლის 15 მაისს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. მას თავდაპირველად გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. მოგვიანებით, მის საქმეში ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდებაც გაჩნდა, თუმცა სისხლის სამართლებრივი დევნა ამ მუხლით შეწყდა.
გიორგი ოკმელაშვილი ერთ-ერთი სარეკლამო კომპანიის დამფუძნებელია. მის დაკავებამდე პოლიციამ გაჩხრიკა ბრალდებულის სახლი და სამუშო სივრცე. დაცვის მხარის ცნობით, ამოიღეს კომპიუტერული მოწყობილობები მეხსიერების ბარათები და ბრალდებულის სამოსი. მისი უფლებადამცველები ჩხრეკასა და დაკავებას საპროტესტო აქციებისას მისსავე აქტიურობას უკავშირებდნენ.
დღევანდელი განაჩენის შემდეგ გიორგი ოკმელაშვილმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა.
„ეს შავნიღბოსნები თავისი ქცევით მაიძულებდნენ, მეც გადავსულიყავი ჭიდაობასა და ჯაჯგურზე. მთელი დილა ისინი გვიტევდნენ და გვირტყამდნენ. ნებისმიერი მათი ქმედება აღიქმებოდა ჩვენი მხრიდან თავდასხმად და იძულებულები ვიყავით, თავი დაგვეცვა“, – თქვა მან სასამართლო სხდომაზე.
ადვოკატმა კახა წერეთელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსამართლე გიორგი გელაშვილმა განაჩენი ისე გამოიტანა, რომ საქმეში არ იყო საკმარისი მტკიცებულებები. დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრებას გეგმავს.
გამოძიების ვერსიით, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან გამართულ აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა 2024 წლის 13 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიების ინფორმაციით, მან პოლიციელს სახის არეში დაარტყა. უკვე მსჯავრდადებულ გიორგი ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც 4-იდან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.