შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიას უდასტურებს რომ “თბილისი მოლთან” გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი დააკავეს.
ძალოვანი უწყების ცნობითვე, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილი უკვე ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული, მათ შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
აქციაზე მყოფი პირების ნაწილი, რომელიც პოლიციამ დააკავა, დაშავდა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით 5 ადამიანიდან ოთხს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ, თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა.
მკურნალი ექიმის განცხადებით, ერთ-ერთ დაშავებულთან გამოხატულია თვალბუდის დაზიანება, თუმცა ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. მისივე განცხადებით, პაციენტებს ძირითადად სახისა და თავის ტრავმა აღენიშნებოდათ.
ალეკ გვეტაძე