მთავარისაქართველოპროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან და მწვავე დისკუსია არხის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე

პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან და მწვავე დისკუსია არხის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე

დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“, – ამ გზავნილით, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან კვლავ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია.

მოქალაქეები მაუწყებლის შენობასთან არხის სარედაქციო პოლიტიკას აპროტესტებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მაუწყებელი არ უთმობს სათანადო დროს ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტ პროტესტს და მზია ამაღლობელის საქმის გაშუქებას.

აქციის მონაწილეებმა არხის შენობასთან რიგი საჯარო დისკუსია გამართეს და საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრეს. გამომსვლელებს შორის იყო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი გიორგი ბადრიძე. დიპლომატის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ არსებული პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება და „ქართული ოცნება“ დასავლელი პარტნიორებისგან დაკისრებულ ვალდებულებას არ შეასრულებს, ქვეყანა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.

30 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც განხილვის მთავარი თემა არხის სარედაქციო პოლიტიკაა. სხდომას ბორდის წევრების გარდა ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც კითხვები ჰქონდათ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

სხდომაზე არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ვასილ მაღლაფერიძეს კრიტიკული კითხვები დაუსვეს არხის მოქმედმა თანამშრომლებმაც.

„მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე შავ ფორმებში ჩაცმულები, ყოველგვარი იდენტიფიკაციის შესაძლებლობის გარეშე მყოფი პირები არბევდნენ საქართველოს მოქალაქეებს, ვასილ მაღლაფერიძე იმყოფებოდა მოამბის საეთეროში, მარტივად დასადგენი ფაქტია, ამოვიღოთ ჩანაწერები, ვკითხოთ საეთეროს თანამშრომლებს. სხვა საკითხია, რას აკეთებდა, აქვს თუ არა მას უფლება, თქვას, რა გავიდეს და რა შევიდეს ეთერში – აქვს ამის უფლება? არავითარ შემთხვევაში არ აქვს“, – განაცხადა „პირველი არხის“ ჟურნალისტმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სამეურვეო საბჭოს სხდომაზე.

დისკუსია თითქმის 4 საათს გაგრძელდა. მაუწყებლის ხელმძღვანელმა პირებმა სხდომის მონაწილეებსა და დამსწრე პირებს უთხრეს, რომ მაუწყებელი სათანადო დროს უთმობს როგორც უწყვეტი პროტესტის, ისე მზია ამაღლობელის საქმის გაშუქებას.

„არავის ჰქონდა მოსაპოვებელი ეთერი… ჩვენ არ ვართ მოპასუხე მხარე. საერთოდ არ ვართ მხარე და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებზეც ადამიანი ვერ აგებს პასუხს, ამაზე აგებინო პასუხი, ეს არის შეცდომა, თუმცა ეს თქვენი გადასაწყვეტია. დიახ, ჩვენ ვართ გამჭვირვალე, ადამიანებზე ორიენტირებულნი, ამიტომ იმავე დღეს, მე და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც შენობაში იმყოფებოდა, იმავე წამს, სპონტანურად, დაუგეგმავად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ არ გვჭირდება ადამიანებთან სასაუბროდ საპოლიციო კორდონი. ჩემი ოთახი ღიაა და ყველა ადამიანს ვხვდები“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან 2024 წლის 30 ნოემბრიდან, უწყვეტად მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ არხის მენეჯმენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს დადებული პირობა დაარღვია და 2025 წლის იანვრიდან ე.წ. „საგანგებო ეთერი“ სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს არ ეთმობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend