ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ღირსეულ ნაბიჯად“ შეაფასა. მისი თქმით, ევროპელი პარტნიორების ბოლოდროინდელი განცხადებები მეგობრობასა და პარტნიორობას აცდენილია.
„ეს არის ღირსეული ნაბიჯი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ყველას, რომ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო. თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, შეურაცხყოფა მოგვაყენოს, ყოველთვის გვაშანტაჟოს და გაკეთდეს ისეთი განცხადებები, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე და სიცრუეზე. ჩვენ ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვხედავთ – ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და არავის მიეცემა საშუალება ჩვენი სამშობლო სხვადასხვა მიზეზებით და მიზნებით აშანტაჟოს და შეურაცხყოფა მიაყენოს. ეს იყო ღირსეული ნაბიჯი და ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. კეთილი უნდა ინებოს ყველამ – არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ბრიუსელი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, პატივი უნდა სცეს საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრის, ლევან მაჭავარიანის განმარტებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტას ევროინტეგრაციასთან საერთო არაფერი აქვს.
„პირველ რიგში, წითელი ხაზი არის ის, რომ გვთხოვენ, ახალი არჩევნების ჩატარებას. ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა, რა თქმა უნდა, ეროვნულ თავმოყვარეობას, რისი დეფიციტიც, სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს გააჩნიათ. არჩევნები საქართველოში ძალიან მაღალი სტანდარტებით ჩატარდა. რა თქმა უნდა, ეს არის დროებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს საღი აზრი საბოლოო ჯამში, ბრიუსელშიც და სტრასბურგშიც და შესაბამისად, მერე შეუდგება ჩვენი დელეგაცია საპარლამენტო მუშაობას PACE-ში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისა და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა. მათი შეფასებით, რეზოლუციით დამტკიცდა ქართველი ხალხის ინტერესებისა და ევროპული მისწრაფებისადმი ერთგულება, ხოლო „ქართული ოცნების“ ნაბიჯს ეროვნულ ღირებულებებთან შეუსაბამო უწოდეს.
„ძალიან კომიკური იყო „ქართული ოცნების“ რეაქცია“, რომლებმაც პრაქტიკულად, გაგდების შემდეგ გამოაცხადეს, რომ თავად ტოვებენ ასამბლეას. ზუსტად იგივე რამ გააკეთა რუსეთმა 2022 წელს, როდესაც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ისინი ევროსაბჭოდან გარიცხეს და დადგეს სპექტაკლი, თითქოს თავად ტოვებდნენ ევროსაბჭოს. ეს ანალოგი ძალიან ნიშანდობლივია თუ როგორ მიჰყვება რუსულ კვალს „ქართული ოცნება“.
მნიშვნელოვანი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ექცევა სრულ იზოლაციაში, ხოლო ქართველი ხალხი იღებს მეტ და მეტ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან. „ქართულ ოცნებას“ ასამბლეასთან დაპირისპირებით უნდოდა საქართველოს იზოლაცია ევროპისგან, მაგრამ მიიღო საკუთარი გუნდის და დაჯგუფების იზოლაცია. ასევე, მიიღო კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა ქართველი ხალხის. ეს არის ყველა იმ ადამიანის მნიშვნელოვანი დამსახურება, ვინც ამდენი ხანია, იბრძვის“, – განაცხადა კოალიციის „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
„იმის ნაცვლად, რომ „ქართულ ოცნებას“ გაეთვალისწინებინა ეს გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ დელეგაციამ განაცხადა, რომ საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს არის ზუსტად ის რეალობა, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, როდესაც „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ქვეყანა სრულად იზოლირებულია ცივილიზებული სამყაროსგან. ცრუ დევიზის – „ღირსებით ევროპისკენ“ – ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ დააყენა რეალობა – „კუდამოძუებული ევროპიდან“, – განაცხადა კოალიციის „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
„ტრაგედიაა ის, რომ 1999 წლის 27 იანვარს, ზურაბ ჟვანიას ცნობილი და ისტორიული სიტყვებიდან – „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“ – 26 წლის შემდეგ, სიმბოლურად, კვლავ იანვარში, ქართველი ხალხისთვის დაუკითხავად, ივანიშვილის ე.წ. „ხელისუფლებამ“ სასოწარკვეთილად გადაწყვიტა, დატოვოს საპარლამენტო ასამბლეა. თითქოს, დაასწრო ევროპის საბჭოს. ვიმეორებ, ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი“, – განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა.
29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა-არცნობის საკითხზე რეზოლუცია მიიღო. პროექტს მხარი საბჭოს 134 წევრიდან 114-მა დაუჭირა.
რეზოლუციაში საუბარია 2025 წლის აპრილის სესიამდე საქართველოს ხელისუფლების მიერ შესასრულებელ პირობებზე, მათ შორის მომდევნო თვეებში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე.
ამავე დღეს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, თეა წულუკიანმა და გივი მიქანაძემ საზოგადოებას გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.