“უკვე 400-500 სასტვენი მაქვს დარიგებული. სხვათა შორის, ბევრი მეუბნება, რომ პროტესტის სიმბოლოდ იქცა ეს სასტვენი.”
ივანე ნაზღაიძემ ევროკავშირისა და საქართველოს დროშის გამოსახულებით სასტვენების დამზადება პროტესტის პირველივე დღეებში დაიწყო. მას შემდეგ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს სასტვენებს ყოველდღიურად, უსასყიდლოდ ურიგებს.
ამასობაში, ფერად სასტვენებზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ ზოგჯერ მათ შეკვეთითაც ამზადებს. ევროკავშირისა და საქართველოს დროშის გამოსახულებას კი უკრაინისა და შეერთებული შტატების დროშებიც დაამატა.
“თავიდან მეგობარმა შემომთავაზე ვიღაცის მიერ ნაჩუქარი სასტვენი, რომელიც რიგდებოდა აქციაზე. ცოტა მეწყინასავით, იმიტომ რომ 3D პრინტერები მაქვს და მე თვითონ შემიძლია, რომ დავამზადო, რამდენიც მინდა. ასევე, მეუღლემ შემომჩივლა, ამდენი ხანია აქციებზე დავდივართ და ერთი სასტვენი არა მაქვსო… ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემით გამეკეთებინა. რადგან მაქსიმალისტი ვარ, ვეცადე, რომ კარგი გამომსვლოდა. მერე გამიჩნდა სურვილი, რომ სხვებისთვისაც გამეზიარებინა”, – ამბობს ევრონიუს ჯორჯიასთან საუბარში ივანე ნაზღაიძე.
დემონსტრანტი ამ დროისთვის უკვე რამდენიმე სახეობის სასტვენს ამზადებს – საქართველოსა და ევროკავშირის დროშების გარდა, აქვს სასტვენები უკრაინისა და საქართველოს, ასევე აშშ-ისა და საქართველოს დროშების გამოსახულებით.
“აქ ხომ ყველა ჩვენიანები ვართ, ყველა ერთი მიზნის ქვეშ ვართ გაერთიანებულნი და ჩემი სასტვენი თუ უკეთია, კიდევ უფრო შინაურია ჩემთვის ადამიანი.
ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში აქ ვარ და ვცდილობ ვიდგე, სანამ ცვლილებას არ მოვახდენთ. დაახლოებით 400-500 სასტვენი მაქვს დარიგებული უკვე. სხვათა შორის, ბევრი მეუბნება, რომ თითქოს პროტესტის სიმბოლოდ იქცა ეს სასტვენი'”, – ამბობს ნაზღაიძე.