მთავარისაქართველოევროსაბჭომ ქართული დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე რეზოლუცია მიიღო

ევროსაბჭომ ქართული დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე რეზოლუცია მიიღო

ევროსაბჭომ ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა-არცნობის საკითხზე რეზოლუცია მიიღო. პროექტს მხარი საბჭოს 134 წევრიდან 114-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 13-მა წევრმა მისცა.

პროექტით გათვალისწინებულია 2025 წლის აპრილის სესიამდე საქართველოს ხელისუფლების მიერ შესასრულებელი პირობები, მათ შორის მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა.

,,კომიტეტს სურს მკაფიო გარანტიები ხელისუფლებისგან, რომ ისინი ნამდვილად მზად არიან, შეცვალონ დემოკრატიული უკუსვლა და შეასრულონ წევრობის ვალდებულებები”, -ვკითხულობთ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ მომზადებულ მონიტორინგის კომიტეტის ტექსტში.

კომიტეტი მოითხოვს საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას და ჭეშმარიტად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩასატარებლად შესაბამისი საარჩევნო გარემოს შექმნას. კომიტეტი მოითხოვს საპოლიციო სისასტიკის და ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევების შეწყვეტასაც, ისევე როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემას და ყველა პოლიტპატიმარს გათავისუფლებას.

,,ინკლუზიური პროცესით უნდა შეიქმნას დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საშუალება, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს“, – განაცხადა ევროპის საბჭოს წევრმა ზანდა კალნინალუკაშევიცამ. ,,მმართველებსა და საზოგადოებას შორის სოციალური კონტრაქტი გატეხილია. ამას ცხადყოფს ყოველდღიური პროტესტები თბილისსა და საქართველოს მრავალ ქალაქში, რომლებიც დიდწილად საზოგადოების მიერ არის ორგანიზებული და სპონტანურია. ამ კრიზისის გადაჭრა შეუძლებელია სოციალური აქტორების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართლობის გარეშე. დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც ასეთი ღრმა სოციალური კრიზისის წინაშე დგას, როდესაც მმართველებსა და საზოგადოებას შორის სოციალური კონტრაქტი გატეხილია, ადეკვატური პასუხი არის საკითხის მოქალაქეებისთვის გადაცემა ახალი დემოკრატიული არჩევნების გზით“.

სხდომაზე საქართველოს შესახებ ისაუბრა გერმანიის დელეგაციის წევრმაც, ფრანკ შვაბემ. მან საქართველოს ხელისუფლებას ,,ნეტგაზეთის“ და ,,ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

,,მოგიწოდებთ, გააკეთოთ რამე. გთხოვთ, შეწყვიტოთ ძალადობა, პასუხისმგებლობა დააკისროთ მათ, ვინც ნამდვილად ჩაიდინა დანაშაულები, მოგიწოდებთ, გაათავისუფლოთ ისინი, ვინც პოლიტიკური მიზეზებით არიან დაპატიმრებული და განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო მზია ამაღლობელი”, – განაცხადა ფრანკ შვაბემ.

,,დღეს ჩვენ არ გიხურავთ კარს, მაგრამ ძალიან მკაფიო და სერიოზულ გაფრთხილებას გაძლევთ, დაუბრუნდით ჩვენს ევროპულ გზას, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გზას“.

საქართველოში არსებული რეალობა ,,კოშმარულად“ დაახასიათა ესპანელმა დეპუტატმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, პაბლო ჰისპანმა.

,,დღეს საქართველო ცხოვრობს კოშმარულ რეჟიმში, კოშმარულ რეალობაში. ეს ინსტიტუტი იქ არსებულ სიტუაციას ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალს, ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკური დევნა, თავდასხმები თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, ვენეციის კომისიის დასკვნის საწინააღმდეგო კანონების მიღება…  თავდასხმები ოპოზიციაზე გაიზარდა, ევროპული გზა, რისი დაპირებაც ხელისუფლებამ საარჩევნო კამპანიის დროს ევროპული დროშის გამოყენებით გასცა, სიცრუე აღმოჩნდა. დემოკრატია არასდროს ესხმის საკუთარ ხალხს თავს, არასდროს ექცევა ოპოზიციას, როგორც მტერს“, – აღნიშნა პაბლო ჰისპანმა.

საქართველოს საკითხის განხილვისას სიტყვით გამოვიდა უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო. მან თქვა, რომ საქართველო დემოკრატიას თავს ესხმიან და რომ პრო-რუსი მარიონეტები ქვეყნის მიტაცებას ცდილობენ.

,,არც უკრაინას, არც რომელიმე სხვა ქვეყანას ევროპაში არ სურს საქართველოს ომში ყოფნა, არავის მსოფლიოში არ უნდა ეს, ეს ივანიშვილის მორიგი ტყუილია“, – განაცხადა ოლექსი გონჩარენკომ ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას.

სხდომაზე სიტყვით წარდგნენ ,,ქართული ოცნების“ წევრებიც. მათ დეპუტატებს მოუწოდეს, არ დაეჭირათ მხარი რეზოლუციის პროექტისთვის ქართული დელეგაციის მანდატების არცნობის შესახებ.

,,მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მოცემულ არაორდინალურ დათქმებს, არ დაუჭიროთ მხარი რეზოლუციის პროექტს და მხარი დაუჭიროთ ჩვენი უფლებამოსილების ცნობას,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა, – „ქართული ოცნების“ ამაყობს იმით, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო პენიტენციური სისტემა აქვს, ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა ადამიანის უფლებათა სასამართლოში, შესანიშნავად თანამშრომლობს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან და საუკეთესო პარტნიორია არაერთ სხვა სექტორში. ვერავინ იტყვის, რომ დემოკრატიული რეგრესი გვაქვს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ, ზოგიერთს, არ მოგწონთ ქართველი ხალხის თავისუფალი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ხელახლა არჩევის შესახებ“.

,,ყველანაირი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა. ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნის არანაირი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, დელეგაციის მანდატები უპირობოდ უნდა იყოს მხარდაჭერილი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

რეზოლუციის თავდაპირველი ფორმის თანახმად, პირობების არშესრულების შემთხვევაში, ქართული დელეგაციის წევრებს რიგი უფლებამოსილებები შეუწყდებათ, მათ შორის:

·         კომიტეტების სრულუფლებიანი წევრობის უფლება

·         არჩევნების სადამკვირვებლო კომისიის წევრობის უფლება

·         მომხსენებლად დანიშვნის უფლება

·         ასამბლეის პრეზიდენტობის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარეობის და ვიცე-თავმჯდომარეობის კანდიდატობის უფლება

·         ევროპის საბჭოს ორგანოებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და საპარლამენტთაშორისო ასამბლეების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე ასამბლეის წარმოდგენის უფლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend