ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაზე, ქართველი დიპლომატებისა და მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერების შესახებ, Euronews-თან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.
მან ამ გადაწყვეტილებას „პოლიტიკურად არასწორი“ უწოდა. მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება „უსაფუძვლო და უაზროა“.
„როგორც წესი, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებას მაშინ იღებს, როდესაც საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. სამართლებრივად ეს არის უსაფუძვლო და უაზრო გადაწყვეტილება. არ არსებობს მტკიცებულება ან ახსნა იმისა, რომ ქართველი დიპლომატები საფრთხე არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა თუ მოსახლეობისთვის”, – მაკა ბოჭორიშვილი.
ევროსაბჭომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება ნაწილობრივ შეაჩერა 27 იანვარს.
საბჭოს ცნობით, გადაწყვეტილება არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ რეპრესიებზე მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ.
„ძირითადი უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები ევროკავშირში ინტეგრაციის ძირითადი პრინციპებია. იმ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ამ ღირებულებებს ფეხქვეშ თელავენ, ევროკავშირში გამარტივებული შესვლით არ უნდა ისარგებლონ“, – პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრი, ტომაშ სიმონიაკი.
მაკა ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება, „ბრიუსელის მხრიდან დასჯაა”.
„ ბრიუსელი სჯის ქართველ დიპლომატებს, რადგან ქვეყნის პარლამენტმა მიიღო „გამჭვირვალობისა“ და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონები. ამით ბრიუსელი მთელ მსოფლიოს ეუბნება, რომ თუ სუვერენული სახელმწიფოს ლეგიტიმური პარლამენტი მიიღებს ისეთ კანონმდებლობას, რომელიც არ ჯდება ბრიუსელის გემოვნებაში – მის წინააღმდეგ შეუძლია ნებისმიერი ზომა მიიღოს, მაშინაც კი როდესაც ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.