სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართეს და 24 საათით გადაკეტეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საავტომობილო კვანძი, რომელიც ქალაქის ცენტრს გარეუბნებთან აკავშირებს.
საპროტესტო აქციები მას შემდეგ იმართება, რაც გასულ წელს ნოვი–სადში ახლად გარემონტებული რკინიგზის სადგურის ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა.
ინციდენტს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები მომხდარის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ, კონსტრუქციის ჩამონგრევას კი კორუფციასა და არასწორ მმართველობას უკავშირებენ.
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში უნივერსიტეტის სტუდენტებმა 24-საათიანი ბლოკადა მოაწყვეს. პროტესტი ნოემბერში ბეტონის კონსტრუქციის ჩამოშლას უკავშირდება, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, პოლიტიკოსებმა მომხდართან დაკავშირებით აიღონ პასუხისმგებლობა. მათი აზრით, კონსტრუქციის ჩამონგრევა კორუფციისა და არასწორი მმართველობის შედეგია. სტუდენტებმა გადაკეტეს ერთ-ერთი მთავარი საავტომობილო კვანძი, რომელიც ქალაქის ცენტრს გარეუბნებთან აკავშირებს.
ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა დაილოგისკენ მოუწოდა სტუდენტებს, რომლებიც ჯერჯერობით უარს ამბობენ მასთან საუბარზე. პრეზიდენტის თქმით, არსებული ვითარება უარყოფითად აისახება ქვეყნის რეპუტაციასა და პოზიციაზე მსოფლიოში. ასევე ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისი სერიოზულ პრობლემას უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.
ხელისუფლებამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები სტუდენტების ზოგიერთი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მათ გაასაჯაროვეს რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც დაკავშირებული იყო ინციდენტთან.
როგორც ცნობილია, ბეტონის კონსტრუქცია რკინიგზის სადგურზე, რომელიც ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებმა განაახლეს, მალევე ჩამოინგრა.
ვუჩიჩმა ასევე განაცხადა, რომ მზადაა, შეიწყალოს მომიტინგეები, რომელთა მიმართ დაწყებული იყო სისხლისსამართლებრივი დევნა და დასძინა, რომ პროკურატურამ უკვე აღძრა საქმე 37 ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც სხვადასხვა შემთხვევის დროს, ორჯერ შეეჯახნენ ავტომობილით აქციის მონაწილეებს.