გაეროს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ექსპერტები საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.
წამების საკითხებზე მომუშავე ექვსმა ექსპერტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები და აღკვეთონ ძალადობრივი ქმედებები. ასევე, გამოიძიონ სამართალდამცველთა მხრიდან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალის გადამეტების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
„მივიღეთ არაერთი შეტყობინება როგორც პოლიციის წარმომადგენლების, ისე ფორმის ან/და შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე პირთა მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის არაერთი შემთხვევის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
დამოუკიდებელი ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ამ ბრალდებების მასშტაბი და აქციის მონაწილეებისა და აქციის შემდგომ დაკავებული პირებისთვის მიყენებული დაზიანებების სიმძიმე შესაძლებელია კვალიფიცირდეს როგორც წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და დასჯა.
გაეროს ექსპერტთა თქმით, არსებობს რამდენიმე ანგარიში, რომლის თანახმადაც საპოლიციო ძალები, მოქალაქეთა წინააღმდეგ ხშირ შემთხვევაში უმიზეზოდ იყენებდნენ რეზინის ტყვიებს, წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეისა და სხვა ქიმიურ საშუალებებს. მათივე განცხადებით, ამ ქმედებების შედეგად, ასობით პირი დაშავდა.
განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება არაერთი დაკავებულისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის, დიდი ხნით და განმეორებით ცემის, გაუპატიურების ან სხეულის ნაწილების მოტეხის მუქარისა და სამედიცინო დახმარებაზე აღმოჩენაზე უარის თქმის გამო. ასევე, ექსპერტები შემაშფოთებელს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ ოჯახის წევრებმა ხშირ შემთხვევაში არ იცოდნენ, დაკავებულთა ადგილსამყოფლის შესახებ, ხოლო ადვოკატს მათი მონახულების საშუალებას არ აძლევდნენ.
გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტები ასევე საუბრობენ საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე. მათი შეფასებით, გასული თვეების განმავლობაში დაწყებულ გამოძიებას დღემდე არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, ხოლო აქციის არაერთი მონაწილე კვლავ პატიმრობაში რჩება. გაეროს წარმომადგენლები ელიან საქართველოს ოფიციალური პირებისგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე, ეფექტიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, გამოძიების დაწყებას.
განცხადებაში გაეროს ექსპერტები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „გაათავისუფლოს დემონსტრაციებისას უკანონოდ დაკავებული პირები და სამედიცინო დახმარება მიეწოდოთ მათ, ვინც ამას საჭიროებს“.