მთავარისაქართველოპოლონეთი ევროკავშირის პრეზიდენტია - რას უნდა ელოდოს საქართველო

პოლონეთი ევროკავშირის პრეზიდენტია – რას უნდა ელოდოს საქართველო

მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტობა, ბუდაპეშტმა ვარშავას გადააბარა, საქართველოს ხელისუფლებას ლოიალურობის იმედი ვეღარ ექნება.

უნგრეთსა და  პოლონეთს მეგობრობა განსხვავებულად ესმით შესაბამისად, თამასაც განსხვავებული აქვთ. პოლონეთი საქართველოს ერთგულებას ჰპირდება,თუმცა მოქმედი ხელისუფლებისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელის. ეს კი ევროკავშირის მოწოდებების გათვალისწინებასა და ევროპულ გზაზე დაბრუნებას გულისხმობს.

“საქართველოს ხელისუფლების მხრიდან  ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ჩაერთოს. შეასრულოს ყველა საჭირო პირობა და ნაბიჯი. პოლონეთის პრეზიდენტობა ნიშნავს საქართველოს მეგობრობას და აგრეთვე გაფართოების პოლიტიკის მხარდაჭერას. გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ მომდევნო თვეები და წლები იქნება საუკეთესო მომენტი გაფართოებისთვის. პოლონეთის პრეზიდენტობისას საქართველოს მთავრობას აქვს შესანიშნავი  მომენტი, განაახლოს ურთიერთობები ევროკავშირთან. პრეზიდენტობით ჩვენ გვაქვს გარკვეული ინსტრუმენტები გაფართოების პოლიტიკაში. მაგალითად, ჩვენ ვხელმძღვანელობთ გაფართოების მთავარ სამუშაო ჯგუფს და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დიდი ამბიციები გვაქვს. ვფიქრობთ, რომ გაფართოების მიმართულებით ერთ-ერთი რეკორდული ექვსი თვე იქნება ბოლო წლებში. ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ამგვარად, გზა ნათელია”, – აღნიშნავს არტურ გებალი, – პოლონეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი საქართველოში.

არტურ გებალი ამჟამად პოლონეთის დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობს.

ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ერთობლივ დისკუსიაზე დღეს ის თბილისში სწორედ იმაზე მსჯელობდა, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო პოლონეთის ლიდერობით ევროპულ საბჭოში. ვარშავაში თვლიან, რომ ყველაფერს კარგს, თუ ქვეყანა ევროპასთან ძველ კავშირებს აღადგენს. ასე სურს, მაგრამ რთულად ესახება პროცესი ევროკავშირის ელჩს საქართველოში.

“ჩვენ ველით საქართველოს ნაბიჯებს შეუერთდეს სხვა კანდიდატ ქვეყნებს. მაგრამ 2023 წლის შემდეგ ურთიერთობები ნეგატიურად ვითარდებოდა. ბოლო თვეებში ცუდიდან უარესი ხდება ინტეგრაციის პროცესში. დაბალ ნიშნულზე ვართ. ყველაფერი ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ თუ როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. დიალოგია გამოსავალი – ხალხს უნდა ესაუბრობს – არ უგულებელყოფილიყო ხალხი და მათი ევროპისადმი მისწრაფება”- ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.

ევროკავშირმა სულ ახლახან საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. მათ შორის იყო პოლონეთიც, რომლის ელჩიც საქართველოში ადასტურებს, რომ ბრიუსელი თბილისის მიერ გადადგმული ნაბიჯების საპასუხოდ სხვა ზომებსაც განიხილავს. ამასთან ჩანს, რომ ეს ზომები მეტად ეხებათ ქართველ პოლიტიკოსებს და ნაკლებად ქართველ ხალხს, რომლის მიმართაც ბრიუსელს აზრი არ შეუცვლია.

“უსაფრთხო ევროპა!” – ამ  სლოგანით შეაბიჯა პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობაში. მისი მთავარი პრიორიტეტი თავდაცვა და უსაფრთხოებაა, რაც ბევრის აზრით,  ეპოქის შესაბამისი განაცხადია. თუმცა, ვარშავა პრეზიდენტობის მომდევნო 6 თვეში მიგრაციასა და ენერგეტიკულ ტრანსფორმაციაზე აქცენტსაც აანონსებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend