მთავარისაქართველოშვეიცარიულ ბანკთან სამართლებრივი დავის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

შვეიცარიულ ბანკთან სამართლებრივი დავის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ადვოკატი თემო წიქვაძე ავრცელებს განცხადებას, რომელიც პოლიტიკური პარტიის დამფუძნებლისა და შვეიცარიულ ბანკ „იულის ბაერთან“ სამართლებრივ დავას შეეხება.

იურისტი განმარტავს ბანკის წინააღმდეგ სასამართლოში საქმის წარმოების დაწყების მიზეზებს და აცხადებს, რომ „იულიუს ბაერი“ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისთვის თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშებისა და მათზე თანხების ბრუნვის შესახებ.

თემო წიქვაძის თქმით, შვეიცარიული ბანკი არც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს ასრულებდა და ბიძინა ივანიშვილს პირადი საბანკო ანგარიშის დახურვით დაემუქრა.

„როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ჩემი მარწმუნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ, გუშინ გავრცელდა განცხადება ე.წ Credit Suisse-ისა და სხვა შვეიცარიული ბანკის, Julius Baer-ის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.

განცხადებაში მოყვანილი გარემოებებიდან დგინდება, რომ ჩემს მარწმუნებელს დამატებითი ბარიერები ექმნება მისი და მისი ოჯახის წევრების კუთვნილი აქტივების განკარგვასთან, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით შვეიცარიული ბანკის, Julius Baer-ის, (აქ გადაიტანეს Credit Suisse-ის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი) არამართლზომიერი ქმედებების გამო.

კერძოდ, Julius Baer თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშების (მათზე თანხების ბრუნვის) შესახებ, ჩემს მარწმუნებელსა და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უჭიანურებდა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას, დაემუქრა პირადი საბანკო ანგარიშის დახურვით. ასევე ბანკი არ ასრულებს მის სახელშეკრულებო ვალდებულებას „ჰეჯ ფონდების“ მიერ ვალდებულების დროულად შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ბოლოს კი, ე.წ. ამერიკული სანქციების არასწორად განმარტების გზით, ფაქტობრივად აღნიშნულ სანქციებს დაუქვემდებარა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები“, – ნათქვამია ადვოკატ თემო წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ადვოკატის ამავე განცხადების თანახმად, შვეიცარიული ბანკი ასევე ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეშიც.

„კერძოდ, 2023 წლის 3 ივლისსა და 2023 წლის 21 ივლისს შვეიცარიის კონფედერაციის იუსტიციის ფედერალურ სამსახურში გაიგზავნა ორი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობების საფუძველზე გამოითხოვეს სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია იმ ანგარიშების შესახებ, რაც Julius Baer-ში ჰქონდათ გიორგი ბაჩიაშვილსა და ერთ-ერთ იურიდიულ პირს, რომელიც ასევე ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეში.

სამწუხაროდ, ყოველგვარი განმარტების გარეშე საგამოძიებო ორგანოს დღემდე არ მიუღია რაიმე პასუხი გამოთხოვილ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ამგვარი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმიდან მოყვანილი კონკრეტული ფაქტი და განცხადებაში მითითებული გარემოებების ერთობლიობა, ჩემს მარწმუნებელს უქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ კიდევ ერთი შვეიცარიული ბანკი Julius Baer გვევლინება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკანონო და უსაფუძვლო დავალებების შესრულების მექანიზმად/ბერკეტად. აღნიშნული კი, ვლინდება როგორც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში, ასევე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე (ამ საქმეში დაზარალებულს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი) საგამოძიებო ორგანოსათვის გამოთხოვილი ინფორმაციის ფაქტობრივად დამალვაში“, – წერს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ადვოკატი თემო წიქვაძე.

20 იანვარს გაავრცელა ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ ამავე შინაარსის განცხადება, რომლიდანაც ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მორიგ შვეიცარიულ ბანკთან სასამართლო დავას იწყებდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend