მთავარისაქართველოომბუდსმენი კვლავ საუბრობს დაკავებულთა უფლებების დარღვევაზე

ომბუდსმენი კვლავ საუბრობს დაკავებულთა უფლებების დარღვევაზე

სახალხო დამცველის აპარატი 18 იანვრის ღამეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 9 პირის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენის წერილში ნათქვამია, რომ დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა.

სახალხო დამცველი აპარატის ცნობით, ორი დაკავებული მათთან პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობის შესახებ საუბრობდა.

„დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა, ხოლო ორმა მათგანმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა. სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. აპარატი სხვა უფლება დარღვევებთან დაკავშირებითაც მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, – წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამას გარდა, განცხადებაში ყურადღებაა გამახვილებული საპროტესტო დემონსტრაციებზე სახის დაფარვის აკრძალვის რეგულაციაზე და აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უკვე აქვს ასეთ შეზღუდვაზე მოსაზრება.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველი უკვე გამოეხმაურა პირბადეების ტარების აკრძალვის რეგულაციას (რასაც ღამით მონახულებული მოქალაქეები დაკავების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებენ) და განმარტა, რომ მართალია, მსგავს შეზღუდვას ბევრი დასავლური ქვეყანა იცნობს, უმრავლეს შემთხვევაში, როგორც ამ ქვეყნების კანონმდებლობა, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ ეს აკრძალვა არ არის უპირობო და ბლანკეტური. მნიშვნელოვანია, კანონმდებლობა იცავდეს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის“, – წერია განცხადებაში.

18 იანვარს საპროტესტო აქციის 6 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მოგვიანებით მათი ნაწილი გაათავისუფლეს.

იმავე დღეს, ზანდუკელის ქუჩაზე რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია დააკავეს. დაკავებულებს პოლიცია მათი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას სავარაუდოდ, სახის დაფარვას ედავება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend