18 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით 15-მდე აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქცია-მსვლელობები თბილისში სხვადასხვა ადგილას ნაშუადღევს დაიწყო.
პირველი „მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ!“ სარაჯიშვილის მეტროდან თემქის პოლიციამდე გაიმართა. პოლიციის შენობასთან შეხლა-შემოხლის შემდეგ სამართალდამცავებმა 6 ადამიანი დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს.
აქცია „გავაპროტესტოთ უსამართლო სასამართლოს განაჩენი!“ ჩატარდა წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც სასამართლოს მიერ აქციების მონაწილეების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი დაგმეს.
საღამოს 19 საათიდან ტრადიციულად ქცეული აქციები გაიმართა საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან. მოგვიანებით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა „დაუმორჩილებლობის მსვლელობა ნიღბებით“, რომლის მონაწილეებმაც სახეები ნიღბებით დაიფარეს და ნიღბების ტარების გამო გასამართლებულებს სოლიდარობა ამ ფორმით გამოუცხადეს.
ამასთან, ქაშვეთის ეკლესიასთან და ხელოვნების მუზეუმის მიმდებარედ ორი საჯარო დისკუსია შედგა.
რაც შეეხება რეგიონებს, 18 იანვარს საპროტესტო აქციები ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და ახალციხეში გაიმართა.