51-ე დღეა, საქართველოს მასშტაბით პროევროპული დემონსტრაციები იმართება. პროტესტი როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქში მიმდინარეობს.
17 იანვარს, აქციების 51-ე დღეს, თბილისში „მამებისა და შვილების“ მორიგი მარში გაიმართა. მოქალაქეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად გაგრძელდეს. აქციაზე შეკრებილთა შეფასებით, დღეს საქართველო სერიოზული გამოწვევებისა და საფრთხის წინაშე დგას, რადგან დარღვეულია სახელმწიფოს მთავარი იურიდიული დოკუმენტი – კონსტიტუცია. მოქალაქეთა თქმით, ისინი ასევე იბრძვიან შვილების უკეთესი მომავლისთვის, რადგან მათ ქვეყნის საზღვრების დატოვების გარეშე შეძლონ ევროპული განათლების მიღება და ყველა იმ ღირებულების გაზიარება, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული.
„მამებისა და შვილების“ მარშის მონაწილეებმა საპროტესტო ბანერით მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, გადაინაცვლეს. საკანონმდებლო ორგანოსთან მისულ დემონსტრანტებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საავტომობილო გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მტკიცებით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ იყო საკმარისი სატრანსპორტო გადაადგილების შესაზღუდად და დემონსტრანტებს საფეხმავლო ბილიკზე გადანაცვლებისკენ მოუწოდებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კანონდამრღვევთა იდენტიფიცირებისა და სამართალწარმოების დაწყების შესახებ გააფრთხილეს. რამდენიმეწუთიანი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ პროევროპული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა მოახერხეს, ხოლო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ტერიტორია დატოვეს.