აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლისა და დემოკრატიული გზიდან გადახვევისთვის. მისი თქმით, მიმდინარე პროცესები და ევროატლანტიკური გზიდან გადახვევა არის იმ ძირითად მიზეზებს შორის, რომელთა გამოც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები დაწესდა.
მილერის თქმით, სტრატეგიული ურთიერთობებისა და საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების შეჩერება საქართველოში მიმდინარე პროცესებით არის განპირობებული.
„ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, როგორებიცაა საკუთარ მოსახლეობაზე ზეწოლა და იმ დემოკრატიული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევა. სწორედ ამიტომ დავაწესეთ ახალი სანქციები საქართველოს მთავრობის წევრების წინააღმდეგ, შევაჩერეთ დახმარება, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის უნდა გაგვეწია. ჩვენ ასევე შევაჩერეთ მათთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.
