19 ნოემბრის პროევროპული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული სტუდენტი მათე დევიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დღეს, 16 იანვარს, კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მათე დევიძეს სამი პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავებიან. ამის გამო კი მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამ წინასასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა, რა დროსაც პროკურატურამ კვლავ პატიმრობა მოითხოვა, დაცვის მხარემ კი – გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომლებიც სამართალდამცავებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ. 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი გადაკვალიფიცირდა, შეიცვალა და ახლა გამოძიება უკვე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
