კატეგორიები

PACE-ს დელეგაციამ ოპოზიციისგან მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასება მოისმინა

PACE-ს დელეგაციამ ოპოზიციისგან მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასება მოისმინა

საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები პოლიტიკურ აქტორებსა და ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებს ხვდებიან.

ასამბლეის წევრები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა პარტია „გახარია საქართველოს“ წარმომადგენლებს, მანამდე კი სხვა ოპოზიციურ პარტიებს შეხვდნენ. დიალოგისას საუბარი შეეხო 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და უწყვეტი საპროტესტო აქციების დროს დაშავებული მომიტინგეების მდგომარეობას.

„ევროსაბჭოს თანამომხსენებლებმა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე განაცხადეს, რომ მათი ვიზიტი არ ემსახურება დე-ფაქტო ხელისუფლების ლეგიტიმაციას იმიტომ, რომ ივანიშვილის პროპაგანდისტული მანქანა ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ვიზიტს საქართველოში ამ მიზნებისთვის იყენებს.

ამ პროპაგანდის გასანეიტრალებლად დელეგაციამ საქართველოში ჩამოსვლამდე გააკეთა განცხადება, რომ ეს ვიზიტი არ ემსახურება არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებას. პირიქით, დელეგაცია აქ არის იმისთვის, რომ შეაგროვოს მტკიცებულებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ, რასაც ივანიშვილის რუსული რეჟიმის მხრიდან ყოველდღიურად ვხედავთ. ამ მიზნით, ისინი მათ შორის აპირებენ შეხვდნენ დაკავებულებს, იმ ადამიანებს, ვინც იყო და არის ხელისუფლების რეპრესიების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სამიზნე.

რაც შეეხება არალეგიტიმური ხელისუფლების დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, იცით, რომ ამ საკითხზე ჩვენ მივწერეთ, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. მიგვაჩნია, რომ სწორედ არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და განმტკიცება არის ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ აღიაროს არალეგიტიმური ხელისუფლების უფლებამოსილება. ამ შინაარსის რეზოლუცია მიიღო “ევროპის სახალხო პარტიამ” ბრიუსელში, რაც არის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ოჯახი არა მხოლოდ ევროპარლამენტში, ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. დარწმუნებული ვარ, სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც იხელმძღვანელებენ სწორედ არაღიარების პოლიტიკის ამ სტანდარტით”, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები