ამერიკელ სენატორ როჯერ ვიკერს ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერები შეხვდნენ. მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და გრიგოლ გეგელიამ პარტნიორი ქვეყნის ოფიციალურ პირებთან საქართველოში არსებული ვითარება და კრიზისიდან გამოსავლის გზები განიხილეს.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სენატორი მხარდაჭერას უცხადებს პროტესტს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.
„შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და ჩვენი მეგობარი სენატორები ბატონი როჯერის ხელმძღვანელობით საკმაოდ სერიოზულ მხარდაჭერას უცხადებენ იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. იგულისხმება პროტესტი, რომელსაც უწყვეტი ფორმა აქვს მიღებული და ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან. უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ საკმაოდ საინტერესო სიურპრიზებს „ქართული ოცნებისა” და კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისთვის. შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით და აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებსა და აუცილებლად გავათავისუფლებთ პოლიტპატიმრებს! იმისათვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისი პოზიცია ევროატლანტიკური მიმართულებით, ჩატარდეს ახალი და თავისუფალი არჩევნები, ამას მივაღწევთ ამერიკის მხრიდან ძალიან სერიოზული ზეწოლით „ქართულ ოცნებაზე”. ჩვენ ამას ვნახავთ უახლოეს ხანში. ეს ნაბიჯები გადაიდგმება ინაუგურაციის შემდეგ“, – განაცხადა ხაზარაძემ.
