საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს ვიდეომიმართვას, რომელშიც საუბრობს ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე.
ამ მოვლენებს ის რეპრესიებისა და დაშინების ახალ ტალღად აფასებს.
მისი თქმით, ახალი წლის შემდეგ ქვეყანა გადავიდა ახალ ეტაპზე, სადაც რეჟიმი პუტინის ხელისუფლებისთვის დამახასიათებელ ყველა საშუალებას იყენებს.
ამის ერთ-ერთ მაგალითად სალომე ზურაბიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს ასახელებს, როდესაც „ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ საქართველოს მოქალაქეს.
მე-5 პრეზიდენტი ასევე საუბრობს გიორგი გახარიაზე თავდასხმის შესახებ. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველო არასდროს დათანხმდება რუსულ რეჟიმად გადაიქცეს.
„როგორც ჩანს, დეპუტატებს პირდაპირ ინსტრუქციები აქვთ მიღებული, თუ მათი ნებით ხდება, არ ვიცი. იყენებენ ძალადობრივ მეთოდებს, რომლებიც არის სრულიად გაუგებარი ჩვეულებრივი ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის და მხოლოდ ავტორიტარულ, დიქტატორულ, ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მეხუთე პრეზიდენტმა ასევე მიმართა „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.
„არ არსებობს ორი მხარე საქართველოში. არის რეჟიმი ერთ მხარეს და საზოგადოება მეორე მხარეს. არსებობს საზოგადოება და ისინი, ვინც ძალადობს, იქნებიან ეს დეპუტატები თუ ის კერძო პირები, ვინც თავის თავს ნებას აძლევს, გააჟღეროს ძალადობის გზავნილები. ამ შემთხვევაში, ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას.
