დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის, ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს. მას შემდეგ, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ ავტორიტეტიანი გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ორგანიზაციის იურისტებმა გაავრცელეს სპეციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პროკურატურის შუამდგომლობა, მზიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, დაუსაბუთებელი იყო.
„მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის სრულიად დაუსაბუთებელი შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი სახის – პატიმრობის გამოყენების შესახებ და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. საქმეზე შემდგომი სხდომა 4 მარტს ჩაინიშნა“, – წერია განცხადებაში.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებს.
„მზია ამაღლობელის საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას და იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს. მზია ამაღლობელს სისტემა სჯის საკუთარი საქმიანობის გამო პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა. მისთვის ბრალის წარდგენა მოხდა სრულიად უკანონოდ, იმ მუხლით, რომლის შემადგენლობასაც არ იძლევა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სახეზე არ არის სისხლის სამართლის ბრალდებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი“, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციაში ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ სასამართლოს ამ დრომდე არ უმსჯელია ამაღლობელის ადმინისტრაციულად დაკავების შესახებ.
მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას დაპატიმრებული ჟურნალისტის ადვოკატები ასაჩივრებენ.