მასშტაბური, ხალხმრავალი და ხმაურიანი გამოდგა გაფიცვა, რომელსაც ასობით კომპანია შეუერთდა.
გაფიცვამ პროტესტის 49-ე დღეს ფაქტობრივად ყველა სფერო მოიცვა. მათ შორის იყვნენ საგანმანათლებლო დაწესებულებები, გამომცემლები, ორგანიზაციები, მსხვილი თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, კვების ობიექტები თუ გასართობ ინდუსტრიაში მომუშავე პირები.
გაფიცვაში მონაწილე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა 15:00 საათზე საკუთარი ოფისების კარი დაკეტეს და ქუჩაში გამოვიდნენ.
„გავიფიცეთ!” – ასეთ წარწერას შეხვდებოდით ასობით ობიექტის ვიტრინებსა და კარებზე.
გაფიცვის მასშტაბურობის გამო სამი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო თბილისის რამდენიმე ცენტრალური გამზირი.
ათასობით გაფიცული მოქალაქის გზავნილი ასეთია – საფრთხე და გამოსავალიც ყველასთვის საერთოა; ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.